ახალი ამბები

სესიაშვილი: 3 წლის მანძილზე თავდაცვის სამინისტრომ 41 მილიონი გასცა პრემიების სახით

6 მარტი, 2013 • • 1108
სესიაშვილი: 3 წლის მანძილზე თავდაცვის სამინისტრომ 41 მილიონი გასცა პრემიების სახით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამტკიცებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ცეცხლსასროლი იარაღი ისეთი პირებისთვის აქვს საჩუქრად გადაცემული, რომლებსაც სამინისტროსთან არანაირი კავშირი არ აქვთ:

 

“იარაღი ჯილდოს სახით გადაცემული იყო “რუსთავი 2”-ის მსახიობებისთვის – ვახტანგ ბიჭიკაშვილისა და ნიკოლოზ არაბიძისთვის,  პარლამენტარებისთვის – ნუგზარ წიკლაურისა და აკაკი მინაშვილისვის, ასევე – ხათუნა კალმახელიძისსთვის,  მომღერლებისთვის. მეტსაც გეტყვით, ბაჩო ახალაიას “ზაპაროჟეციც” კი ჰყავდა გასართობად ნაყიდი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯზე, გადახდილი ჰქონდა 7 ათასი დოლარი. გართობით იყვნენ დაკავებული.”

 

სესიაშვილი პრემიებზეც ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, პრემიების დიდი ნაწილი საიდუმლო გრიფით გაიცემოდა:

 

“სამი წლის განმავლობაში 41 მილიონი ლარი იყო ჩამორიგებული პრემიების სახით. მათ შორის უდიდესი ნაწილი იყო საიდუმლო გრიფით გაცემული. გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს 200 ათასზე მეტი პრემია აქვთ აღებული. ბოლოს, უკვე ხელისუფლების გადაცემის პერიოდში, 2012 წლის 3 სექტემბრიდან 11 სექტემბრამდე, რაც ფული იყო, მოხიკეს და პრემიებად ჩამოირიგეს, საერთო ჯამში, 738 ათასი ლარის ოდენობით.”

 

სესიაშვილმა ჟურნალისტებს ფოტომასალა წარუდგინა, სადაც, მისი მტკიცებით, ასახულია, თუ რა პირობებში არიან რიგითი სამხედროები და როგორი კაბინეტები ჰქონდათ მინისტრებს, მათ მოადგილეებს და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს:

 

“რაც მე ვნახე სამხედრო ნაწილებში, ეს არის მართლაც გაუსაძლისი პირობები, ნამდვილად შორსაა იმ მითებისგან, რასაც თავის დროზე ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი გვეუბნებოდა, გველაპარაკებოდა და გვებუნებოდა, რომ სამხედრო ნაწილები არის საუკეთესოდ მოწყობილი. ამავე დროს მე ვნახე ფეოდალური მმართველობის ელემენტები. ეს არის მოწყობილი კომფორტი მხოლოდ მინისტრების, მოადგილეების და დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის. თქვენ უნდა ნახოთ სამხედრო ნაწილები, სადაც ცხოვრება შეუძლებელია და დაკავშირებულია სცოცხლის რისკებთან, ასევე უნდა ნახოთ ის კომფორტის ელემენტები, სადაც მინისტრები ერთობოდნენ, სადაც მინისტრები ფიქრობდნენ საკუთარ კომფორტის მოწყობაზე და გართობაზე.” 

 

სესიაშვილის თქმით, ბაჩო ახალაია ფეოდალური მეთოდებით მართავდა შეიარაღებულ ძალებს:

 

“ის იყო დაკავებული საკუთარი კომფორტით და გართობით და ჯარისკაცებს ამყოფებდა უმძიმეს მდგომარეობაში, მათ შორის, რაც დაკავშირებულია სიცოცხლის რისკებთან.”

 

სესიაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა პროკურატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი