ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, “ერისიონის” პირველმა კონცერტმა რუსეთში სრული ანშლაგით ჩაიარა, დარბაზი ფეხზე იდგა და რამდენიმე წუთი უკრავდა ტაშს.
“2008 წლიდან, ფაქტობრივად, ყოველთვის გვთხოვენ და გასაგები მიზეზების გამო არ წამოვედით, უარს ვამბობდით,

მაგრამ ამჯერად ნაღდად წამოვედით და სულაც არ ვნანობთ. ჩვენ რუს ხალხთან ყოველთვის დიდი სიამოვნებით გვექნება ურთიერთობა”, – განუცხადა “იმედს” “ერისიონის” ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა.
სახელმწიფო ანსამბლის შემდეგი ორი კონცერტი “კრემლის სასახლეში” 9–10 მარტს, 18 საათზეა დაგეგმილი.
“ლეგენდარული შოუს ტრიუმფალური დაბრუნება. ერისიონი – ქართული საგანძური” – აფიშები ამ წარწერებით მოსკოველ მაყურებელს უკვე რამდენიმე დღეა ეპატიჟება “ერისიონის” კონცერტზე, ბილეთის ფასი ათასიდან 3 ათას რუბლამდე ღირს.
რუსული მედიაში უკვე გაჩნდა დადებითი შეფასებიბი “ერისიონის” გასტროლებთან დაკავშირებით, იწერება სტატიები რუსულ–ქართული კულტურების ურთიერთკავშირსა და მეგობრობაზე.
“საქართველოსა და რუსეთს საუკუნების განმავლობაში აკავშირებდათ მრავალწლიანი კაშკაშა ისტორია, ახლო კულტურული და ეკონომიკური კავშირები. კულტურითა და ტრადიციებით მდიდარი ამ ორი ქვეყნის ლიდერები დღეს საუბრობენ ქართველებსა და რუსებს შორის ჰუმანიტარული, კულტურული და სულიერი კავშირების მხარდაჭერაზე”, – წერს ერთ–ერთი რუსული გამოცემა ერისიონისნ გასტროლის შესახებ მომზადებულ სტატიაში.