ახალი ამბები

კანონპროექტის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ცესკოში 4 წარმომადგენელი ეყოლება

6 ივნისი, 2017 • 2593
კანონპროექტის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ცესკოში 4 წარმომადგენელი ეყოლება

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიღების შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” ცესკოში ერთის ნაცვლად ოთხი წარმომადგენელი ეყოლება.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ხუთ კანონპროექტს მოიცავს და მისი ინიციატორები არიან ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი და გიორგი კახიანი.

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

“საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების მიხედვით:

პუნქტი I __ ცესკოს 7 წევრს ნიშნავენ ის პარტიები, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოს თავმჯდომარის მიერ დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მიეკუთვნათ პარლამენტის წევრთა მანდატები და შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია.

პარტიები ცესკოს წევრს (წევრებს) ნიშნავენ შემდეგი წესით:

პუნქტი II __ პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 7-ზე და გაიყოს ამ მუხლით განსაზღვრული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს ცესკოს წევრთა რაოდენობას, რომელთა დანიშვნის უფლებაც აქვს პარტიას, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.

[ დღეს მოქმედი კოდექსით, ცესკოს თითო წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.]

პარტია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით და არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის მეშვეობით, ამ მუხლის მიზნებისათვის მის მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის დასადგენად, ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობაზე.

პუნქტი III __ თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი ერთზე ნაკლებია, პირველ რიგში, ცესკოს თითო წევრის დანიშვნის უფლებას მიიღებენ ასეთი პარტიები მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობების თანმიმდევრობის გათვალისწინებით. ამ უფლების რეალიზაციისათვის, საჭიროების შემთხვევაში, პარტიებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოიპოვეს  ცესკოს 4 წევრის დანიშვნის უფლება, მიღებული ხმების რაოდენობის თანმიმდევრობის შესაბამისად, ერთმევათ ცესკოს თითო წევრის დანიშვნის უფლება იმ პირობით, რომ მათ ერთი ადგილი მაინც უნდა შეუნარჩუნდეთ ცესკოში.
(თუ იმ პარტიათა რაოდენობა, რომელთაც მოიპოვეს ცესკოს წევრის დანიშვნის უფლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით, შვიდი ან შვიდზე მეტია, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სხვა პარტიები ვერ დანიშნავენ ცესკოს წევრს).

თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარტიების რაოდენობა 7 ზე მეტია, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც მეტი ხმა მიიღო არჩევნებში. ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ მყოფ პარტიას.

თუ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, ცესკოს წევრთა რაოდენობა მაინც ვერ შეივსო 7-მდე, ცესკოს წევრის დანიშვნის უფლებას,  7-მდე შესავსებად, ხმათა თანმიმდევრობით მოიპოვებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პარტიები. თუ პარტია არ დანიშნავს ცესკოს წევრს (წევრებს) უფლების წარმოშობიდან 7 დღის ვადაში, ამ უფლებას თანმიმდევრობით მოიპოვებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარტიები.

კანონპროექტით, აღნიშნული ნორმის ამოქმედების ვადად განისაზღვრა ცესკოს მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სახის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-2 დღე;

შესაბამისად, ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, 2016 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ცესკოში ერთის ნაცვლად 4 წევრი ეყოლება.

“ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში ორ პარტიული ბლოკის სახით მონაწილეობდა. შესაბამისად, ამ წესის მიხედვით, ცესკოში ერთი წარმომადგენელი ეყოლება, 1 წევრი ეყოლება“ევროპულ საქართველოსაც”.

ხოლო პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ბლოკი 6 პარტიით იყო დაკომპლექტებული. ამ ფორმულის მიხედვით, მიღებული რიცხვი მთელი არ არის, თუმცა, კანონპროექტის მესამე პუნქტის მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსი” ცესკოში ერთ წევრს დანიშნავს.

ამის გარდა, კანონპროექტის მიხედვით, პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, რის თაობაზეც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ლელა ტაილურის თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მმართველი პარტია დომინირებული იქნება:

“ეს ცვლილება ფრაგმენტულია და მიზნად ისახავს, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო ადმინსსტრაციაში დომინირებული მდგომარეობა ჰქონდეს. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ საარჩევნო  დაკომპლექტების წესი ძირეულ რეფორმას საჭიროებს, თუმცა ეს კანონპროექტი ადმინისტრაციაში არსებულ პრობლემებს არ ეხმიანება,” -აღნიშნავს ტაილური.

სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები

ცვლილებებით, საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება მიენიჭება საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად; დღეს ასეთი ორგანიზაციის მხოლოდ ერთი დამკვირვებელი დაიშვება თარჯიმანთან ერთად. ამასთან, ცესკოს მიერ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციისთვის განსაზღვრული 2-დღიანი ვადა გაიზრდება 5 დღემდე.

ამავე პროექტით, საოლქო საარჩევნო კომისიას ენიჭება უფლება, საჭიროებისამებრ, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას, განკარგულებით შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი/შესწორების ოქმის მონაცემები. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება ენიჭება, შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიის თანამდებობის პირთა/წევრთა ახსნა-განმარტებების სიზუსტე.

კოდექსში ზუსტდება, რომ მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება გაიცემა მხოლოდ იმ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე, რომელთა მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში. ასევე, საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, წარადგინონ ანგარიში, მათი წარმომადგენლების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ათვისების თაობაზე.

კანონპროექტით, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის მიერ მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, იგი დაკარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას. ასევე, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენად კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, არამედ საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შესაბამის გარემოებათა არსებობისას, ცესკოს/საგამოძიებო ორგანოებისათვის აუცილებელი ხდება ხოლმე, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების შესახებ ინფორმაციის ქონა. გამომდინარე აქედან, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი განახორციელებს ჩანაწერთა წიგნების იმ გვერდების ფოტოასლების გადაღებას, სადაც კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების შესახებ ინფორმაციაა ასახული.

გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება განხორციელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის წარდგენის შემთხვევაში.

ცვლილებებით, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის გაუქმებისას დარჩენილი ერთი პარტია ხდება საარჩევნო ბლოკის უფლებამონაცვლე. შესაბამისად, წარდგენილ კანდიდატს უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ბლოკის უფლებამონაცვლე პარტიის რეგისტრაციის გაუქმება.

“ორგანული კანონის პროექტის მიზანია, გასწორდეს კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით არსებული ზოგიერთი ნორმა, აღმოიფხვრას სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზი და ნორმათა კოლიზია კანონმდებლობაში, დაიხვეწოს და დაზუსტდეს არსებული პროცედურები და რეგულაციები,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი