ახალი ამბები

თავდაცვის სფეროს ექსპერტების თქმით, კონსტიტუციის პროექტი უსაფრთხოების სისტემას ასუსტებს

5 ივნისი, 2017 • 2399
თავდაცვის სფეროს ექსპერტების თქმით, კონსტიტუციის პროექტი უსაფრთხოების სისტემას ასუსტებს

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები შეშფოთებულნი არიან საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებული პროექტით. მათი განცხადებით, ცვლილებების მიღება უარყოფითად აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მდგრადობაზე; ასევე დაასუსტებს სამოქალაქო-დემოკრატიულ კონტროლს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცის ინფორმაციით, შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის განსახილველად, პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა “თბილისის სტრატეგიული” დისკუსიების ფორმატში გამართა საკონსულტაციო შეხვედრები უსაფრთხოების სფეროს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან.

დისკუსიების მონაწილეებმა შეიმუშავეს ერთობლივი კომუნიკე. კომუნიკეს თანახმად, შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების სფეროში არსებული ვითარება გახდება ნაკლებ ეფექტური – რადგან პროექტი მკაფიოდ ვერ აყალიბებს უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის, დაგეგმვის, აღსრულებისა და აღსრულებაზე ზედამხედველობის სრულფასოვან სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ სისტემას.

კომუნიკეს ხელმომწერები ნეგატიურად აფასებენ ეროვნული უშიშროების კონსტიტუციიდან ამოღებას და აცხადებენ, რომ ამით უქმდება ინსტიტუტი, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად საფრთხეების პრევენციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

ქმედუნარიანი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შემქნისათვის კომუნიკეს 27 ხელმომწერი აცხადებს, რომ:

  • კონსტიტუციამ ნათლად უნდა განსაზღვროს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, აღსრულებისა და მასზე ზედამხედველობის მუდმივმოქმედი ინსტიტუციური სისტემა, ასევე კრიზისული და საგანგებო ვითარებების მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს საფუძვლები;
  • უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ნორმები უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არსებული სისტემის და ხარვეზების გაანალიზების, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ნატოს პრიციპებთან თავსებადობის გათვალისწინებით;
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემაზე (სამხედრო ძალები, პოლიცია, სპეციალური სამსახურები) ქმედითი სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლი;
  • ეროვნული უსაფრთხოების სისტემა შესაბამისობაში უნდა იყოს ჰიბრიდულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მილიტარიზაციის შედეგად წარმოქნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რაც უსაფრთხოების სისტემის მუდმივმოქმედ კოორდინაციას მოითხოვს;
  • ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის ორგანიზაციის და სამხედრო აღმშენებლობის პოლიტიკის ფორმირება და სტრატეგიული დაგეგმარება უნდა ხდებოდეს ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე; ინსტიტუციურად, ამის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა მუდმივმოქმედი საკონსტიტუციო ორგანო – ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის ფუნქციები და საქმიანობის წესი ორგანული კანონით უნდა იყოს განსაზღვრული;
  • ერთმნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს ქვეყნის თავდაცვისათვის განკუთვნილი ძალების ტიპი. ქვეყანას უნდა ჰყავდეს ერთი, ერთიანი შეიარაღებული ძალები, ხოლო მისი მოქმედების წესები და რეჟიმები დემოკრატიული კონტროლის პრინციპების სრული დაცვით მკაფიოდ უნდა გაიწეროს ქვეყნის უზენაეს კანონში;
  • უნდა გამოიკვეთოს უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მკაფიო კონსტიტუციური მექანიზმები, გამოირიცხოს პარალელიზმი და ფუნქციების დუბლირება;
  • საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიამ დაგვანახა პარტიული პოლიტიკის მიღმა მყოფი ნეიტრალური და მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტის ინსტიტუტის საჭიროება, რომელმაც სხვა ამოცანებთან ერთად უნდა უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემისა და პროცესის მდგრადობა.

ხელმომწერთა განცხადებით, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მართვისა და კონტროლის კონსტიტუციური მოდელის გასაუმჯობესებლად, განსახილველად გამოიყოს უფრო მეტი დრო და მასში ჩაერთონ სფეროს სპეციალისტები.

კომუნიკეს ხელს აწერენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და პირები. მათ შორის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მოქმედი მდივანი, მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრები და სფეროს მკვლევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი