ახალი ამბები

ქართულ-რუსული დიალოგი მოსკოვში

5 მარტი, 2013 • 1530
ქართულ-რუსული დიალოგი მოსკოვში

მოსკოვში ყოფნის დროს საქართველოს 12-კაციანი დელეგაცია რუსეთის არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის იყო გრიგორი კარასინი, რუსეთის საგარეო უწყების მეორე პირი.

 

იურისტი ნათია კაციტაძე  “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობა საინტერესო იყო:

 

„მონაწილეობა  ამ პროექტში საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ ადგილზე შევხვედროდით და ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ მოსაზრებები პირველწყაროებიდანვე გაგვეგო, თუ როგორ წარმოუდგენიათ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს ურთიერთობები“. 

 

საქართველოდან დიალოგის მონაწილეები  ამბობენ, რომ შეხვედრების დროს რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში პირდაპირ ამბობდნენ, რომ ტერიტორიების შესახებ რუსეთის პოზიცია ურყევია და ამ ეტაპზე გადახედვას არ ექვემდებარება.

 

„კარასინმა თქვა პირდაპირ და არაორაზროვნად, რომ ამ თემებს არც ზურაბ აბაშიძესთან საუბრის დროს ეხებიან, ვინაიდან იციან, რომ ამ ეტაპზე მხარეებს წინსვლა არ ექნებათ და ამაზე საუბარი სხვა თემების დაბლოკვასაც გამოიწვევს, რაც სრულიად ლოგიკურია. შესაბამისად, ამ თემების გაშლა არ მომხდარა,“- ამბობს გიორგი კანაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი.

 

გიორგი კანაშვილი
გიორგი კანაშვილი

 

ნათია კაციტაძის თქმით, მას 2008 წლის შემდეგ საქართველოში ეუთოს მისიის დაბრუნებისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესვლაზე ჰქონდა რუსულ ოფიციალურ მხარესთან კითხვები, რაზეც, კაციტაძის თქმით, ასევე უარყოფითი პასუხი იყო.

 

როგორც ირკვევა, შეხვედრების დროს საუბარი ძირითადად ეკონომიკურ-სავაჭრო და საგანმანათლებლო საკითხებს შეეხო.

 

„რუსეთის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელმა ისაუბრეს საქართველოში მსგავსი ტიპის პროგრამების განმხორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობაზე. ამბობენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან საქართველოში, როგორც ერთობლივი პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით, აგრეთვე, გაცვლითი პროგრამების ამუშავების კუთხით. სურვილს გამოთქვამენ, აკადემიური მიმართულებით გააღრმავონ თანამშრომლობა. ასევე ითქვა სხვადასხვა აკადემიურ ჟურნალში სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე რუსეთში, ერთობლივი კვლევების განხორციელებაზე, განსაკუთრებით ქართული და რუსული ენების, საგარეო პოლიტიკისა და ისტორიის შესწავლაზე,“ -ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე კოტე ჩოკორაია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი. როგორც თავად ამბობს, ის ამ შეხვედრაზე განათლების სამინისტროს არ წარმოადგენდა, – წავიდა, როგორც კერძო პირი.

 

კითხვაზე, როგორც წარმოუდგენია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, თუკი მხარეები საქართველოსთვის პრინციპულ – ტერიტორიული საკითხების თემას არ ეხებიან, მისი განმარტებით, ამის მიუხედავად, საქართველომ მაინც არ უნდა თქვას დიალოგზე უარი.

 

„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯები, შეიძლება ამ თემებს ამ ეტაპზე არ შევეხოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა არ გავაგრძელოთ,“- ამბობს კოტე ჩოკორაია.

 

შეხვედრა ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, 2013 წელი
შეხვედრა ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, 2013 წელი

 

ვიზიტს ”კავკასიურ სახლთან” ერთად ორგანიზებას  გაუწია  ”ა.მ. გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა”, რომელმაც ნაწილობრივ დააფინანსა ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში ორგანიზებული ვიზიტი მოსკოვში. 

 

„კავკასიური სახლის“ დირექტორის გიორგი კანაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები მხარეებს შორის კვლავ გაგრძელდება, აღნიშნული ბოლო შეხვედრა კი ჯერ კიდევ საქართველოში ხელისუფლების შეცვლამდე დაიგეგმა:

 

„ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვახორციელებთ ქართულ-რუსულ სამოქალაქო დიალოგს, რომლის ძირითადი სამიზნე ჯგუფი იყო ახალგაზრდა მკვლევარები. ამ პროექტების ფარგლებში რუსეთიდან უკვე იყვნენ ჩამოსულები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტურქტურების წარმომადგენლები. მუდმივად ვეუბნებოდით, რომ კარგი იქნებოდა, მოეგვარებინათ ვიზების საკითხი და ჩაეყვანათ იქ ჩვენი ჯგუფიც. ეს არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ რევერანსებთან ან ხელისუფლების ცვლასთან, იქამდე იყო ეს შეხვედრა დაგეგმილი”. 

 

შენიშვნა:
თავდაპირველი  ინფორმაცია რედაქტირებულია. ნეტგაზეთი ბოდიშს იხდის სტატიაში დაშვებული შეცდომის გამო. ინფორმაციის თავდაპირველი სათაური იყო “რუსულ-ქართულ დიალოგს მედვედევის დავალებით შექმნილმა ფონდმა უმასპინძლა”, რაც შეცვლილია.    ზემოთმოყვანილი სათაური არ წარმოადგენს ფაქტობრივ უზუსტობას, რადგანაც  გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი დიმიტრი მედვედევის ბრძანებით შეიქმნა 2010 წელს, თუმცა სათაურში ამ ფაქტის აქცენტირება არ არის ლოგიკური ნიუსის შინაარსიდან გამომდინარე.

ინფორმაციიდან ასევე ამოღებულია  დიალოგში მონაწილე  ქართველი სპეციალისტების შერჩევის კრიტერიუმები და დიალოგში მონაწილეთა სია, რადგანაც ის არ წარმოადგენს არსებით ინფორმაციას ამ კონკრეტული მოვლენასთან დაკავშირებით და ფაქტების ასეთი დეტალიზება უფრო ვრცელი სტატიის ამოცანაა, რომელსაც ნეტგაზეთი აუცილებლად შემოგთავაზებთ.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი