ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას მხარი დაუჭირა

4 მარტი, 2013 • • 1036
იურიდიულმა კომიტეტმა სასჯელის  შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას მხარი დაუჭირა

დღეს, 4 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის  სხდომაზე დეპუტატებმა „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კანონპროექტის თანახმად, ჩადენილი დანაშაულის ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. ხოლო განმეორების შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს, ან ნაწილობრივ, ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება. 

 

„პრინციპის საფუძველზე განსასჯელს ნებისმიერი დანაშაულის ჩადენისას შეეკრიბება სასჯელთა რაოდენობა. იყო კითხვები, განხილვა, მაგრამ კომიტეტმა საბოლოდ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. დანაშაულის ზრდას რაც შეეხება, ჩვენ რომ ასე ვფიქრობდეთ, მაშინ ამ ინიციატივას არ განვიხილავდით,” – ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.

 

მისივე განმარტებით, განაჩენთა ერთობლიობისას შესაძლებელი იქნება სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრება, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს:

 

“ამ შემთხვევაშიც არჩევანს მოსამართლე კონკრეტული საქმის, კონკრეტული გარემოებებისა და განსასჯელის პიროვნებიდან გამომდინარე გააკეთებს.”

 

ცვლილებების თანახმად, დგინდება საბოლო სასჯელის ვადა. კერძოდ, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატობოდეს. აღნიშნული ცვლილებები იმ პირებსაც შეეხებათ, რომლებიც სასჯელს უკვე იხდიან.

 

იურიდიულმა კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა და მის განხილვას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი