ახალი ამბებისაზოგადოება

სასკოლო სახელმძღვანელოებს “სეზანი” ქვეკონტრაქტორ სტამბებთან ერთად დაბეჭდავს

5 ივნისი, 2017 •
სასკოლო სახელმძღვანელოებს “სეზანი” ქვეკონტრაქტორ სტამბებთან ერთად დაბეჭდავს

2017-2018 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ხელშეკრულება განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სსიპ-მ, “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ” სტამბა “სეზანს” გაუფორმა. მთავრობისა და სააგენტოს დირექტორის განკარგულებების საფუძველზე ხელშეკრულება 30 მაისს გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, სტამბამ სააგენტოს 580 890 სახელმძღვანელო და 1 474,450 რვეული უნდა მიაწოდოს. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება დღგ-ს გარეშე 3 233 000 ლარია. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, გადასახადების სახით ბიუჯეტში 400 300 ლარი დააბრუნოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2017-18 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოებს და რვეულებს ბეჭდვისთვის ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ტენდერი შეწყდა.  ტენდერისთვის სააგენტოს 4 042 160 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ 2017 წლის 18 მაისს მიიღო. ტენდერის შეწყვეტის საფუძველი ერთ-ერთი მონაწილის მიერ, რომელსაც დისკვალიფიკაცია მიეცა, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება გახდა. ტენდერში მონაწილეობას რამდენიმე სტამბა იღებდა: “ფავორიტი სტილი”, “ფაუნტეინ ჯორჯია”, “გამომცემლობა კოლორი”, “სეზანი”, Ertem. LDT.STI და KLAVYE. მონაწილეებიდან ორი LDT.STI და KLAVYE არ არის საქართველოში მომუშავე კომპანიები, ისინი თურქეთშია რეგისტრირებული.  სატენდერო კონკურსში ყველაზე დაბალი ფასი KLAVYE-ს ჰქონდა შეთავაზებული – 2 900 000 ლარი. 3 მაისს სატენდერო კომისიამ აღნიშნულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა, რადგან “მათ მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდრო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს”.

კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სატენდერო კომისია ხელახლა შეიკრიბა. განხილვის შემდეგ 3 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, თუმცა იქვე დაადგინა, რომ ტენდერი უნდა შეწყდეს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პროცედურები გაგრძელდება, ეს პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივდება, რაც სკოლის მოსწავლეთა წიგნებით უზურუნველყოფის შეფერხებას გამოიწვევს. კომისიის გადაწყვეტილებით ტენდერი შეწყდა, ხოლო სააგენტოს შეუძლია, შესყიდვის საშუალება შეცვალოს.

ტენდერში სულ 6 კომპანია მონაწილეობდა. აქედან ერთ-ერთია სტამბა “ფავორიტი სტილი”, რომელიც დაკავშირებულია ფინანსთა მინისტრთან და ვიცეპრემიერთან დიმიტრი ქუმსიშვილთან. ქუმსიშვილის ცოლისძმა ივანე თევდორაშვილი ფლობს შპს “პრინტ ჰაუს”, რომელიც “ფავორიტი სტილის” 95%-იანი წილის მფლობელია.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება “სეზანთან” გაფორმდა, მხოლოდ ეს სტამბა არ დაბეჭდავს სასკოლო სახელმძღვანელოებს და რვეულებს. “სეზანს” ასევე ჰყავს ქვეკონტრაქტორები, რომლებიც შეკვეთას მასთან ერთად განახორციელებენ. სტამბის წარმომადგენელი შორენა შავერდაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, სამუშაოს მოცემულ ვადებში შესასრულელბლად, შპს სეზანს“ ეყოლება 5-8-მდე საქართველოში არსებული ქვეკონტრაქტორი- სტამბა თუ გამომცემლობა. მისივე თქმით, ჯამში 800-მდე ადამიანი დასაქმდება.

“ქვეკონტრაქტორების ვინაობა ზუსტდება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მათ შორის იქნებიან საქართველოში მოქმედი სტამბები და გამომცემლობები”,- ამბობს შავერდაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი