ახალი ამბები

სახელმძღვანელოებს სავარაუდოდ ქართული სტამბების გაერთიანება დაბეჭდავს

20 ივლისი, 2018 • 3320
სახელმძღვანელოებს სავარაუდოდ ქართული სტამბების გაერთიანება დაბეჭდავს

ახალ გრიფმინიჭებულ (I-VI კლასების) სახელმძღვანელოების დაბეჭდვაზე გამოცხადებულ ტენდერში დისკვალიფიკაცია მიენიჭა თურქულ კომპანიას, რომელსაც ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება ჰქონდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტენდერის ფარგლებში წიგნებს დიდი ალბათობით დაბეჭდავს ქართული სტამბებისაგან შემდგარი კონსორციუმი.

ტენდერის სტატუსის თანახმად, ამჟამად ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ქართული სტამბების გაერთიანებასთან გაფორმდება.

განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სსიპ-მა, “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ” სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ტენდერი 2 ივლისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი, 14 ივლისს დაიწყო, რაც სამ დღეს გაგრძელდა და 17 ივლისს დასრულდა. ტენდერი გამოცხადდა 2 569 744 ცალი სახელმძღვანელოს და 1 298 447 ცალი რვეულის ბეჭდვაზე.

ტენდერში მონაწილეობა სულ სამმა კომპანიამ მიიღო. მათგან პრეისკურანტით ყველაზე ნაკლები თანხა თურქულმა კომპანიამ შესთავაზა.

  • შპს ახალი საქართველო – შეთავაზებული ფასი პრეისკურანტით 8819 ლარია (მიმწოდებელის მიერ შემოთავაზებული ერთეულის ღირებულება 30 001-დან 35 000-ის ჩათვლით ეგზემპლარის შესყიდვის შემთხვევაში).
  • სპს კონსორციუმი – ქართული სტამბების გაერთიანება სეზანი, ფავორიტი სტილი, გამომცემლობა კოლორი – შეთავაზებული ფასი პრეისკურანტით 8719 ლარი.
  • ihlas gazetecilik anonim şirketi – შეთავაზებული ფასი პრეისკურანტით 7056 ლარი.

ჯამური შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12 726 142.00 ლარია. ვრცლად ტენდერის პირობების შესახებ ნახეთ აქ.

ტენდერის პრინციპის თანახმად, უპირატესობა იმ პრეტენდენტს ენიჭება, ვისაც ყველაზე დაბალი შეთავაზება აქვს, თუმცა სატენდერო კომისიამ თურქულ კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა და ამისთვის ერთი სამუშაო დღე განუსაზღვრა. დაზუსტებული დოკუმენტაცია კომისიამ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ შეაფასა და კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

სატენდერო კომისიამ თურქულ კომპანიას სამი მოთხოვნა წაუყენა, რომლის შესახებაც დოკუმენტაცია უნდა წარედგინა. წარდგენილი მასალიდან სატენდერო კომისიამ ორ მოთხოვნაში მიიჩნია, რომ დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს:

  • პირველი – პრეისკურანტის საერთო ღირებულება არ დაემთხვა ტრანსპორტირების საცალო ფასს, წიგნის ტრანსპორტირება პრეისკურანტის მიხედვით 13 თეთრი ჯდება და უნდა ყოფილიყო 12 თეთრი.
  • მეორე – კომპანიას უნდა წარედგინა ბოლო 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი და ის, რომ მის მიერ ჩატარებული სამუშაოები მინიმუმ 1 500 000 ლარის ღირებულებისაა, კომპანიამ აღნიშნული დოკუმენტაცია წარადგინა, მაგრამ ის არ იყო ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, შესაბამისად, მოთხოვნასთან შეუსაბამობად შეფასდა.

გამოცხადებული ტენდერი ჯერჯერობით დასრულებული არაა, თუმცა ატვირთულ ფაილებში არის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, სტამბების გაერთიანების დირექტორს, შორენა შავერდაშვილს აცნობებენ იმის შესახებ, რომ კონსორციუმის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება მოთხოვნებს და ხელშეკრულების გასაფორმებლად იბარებენ.

კონსორციუმი, რომელთანაც სავარაუდოდ ხელშეკრულება გაფორმდება, ერთი თვის წინ დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელი 6 სტამბაა:

სეზანი;
ფავორიტი სტილი;
გამომცემლობა კოლორი;
მვპ პრინტი;
გაზეთი საქართველოს მაცნე;
ფორმა.

გასულ წელს, როდესაც 2017-18 წლებისთვის სახელმძღვანელოები უნდა დაბეჭდილიყო, ტენდერში მონაწილე თურქულ კომპანიას, რომელსაც ყველაზე დაბალი ფასით ჰქონდა შეთავაზება, დისკვალიფიკაცია მიენიჭა, დოკუმენტების დაწუნების გამო. შარშან სასკოლო სახელმძღვანელოები დაბეჭდა სტამბა სეზანმა ქვეკონტრაქტორებთან ერთად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი