ახალი ამბებისაზოგადოება

სასკოლო სახელმძღვანელოები ვიცეპრემიერის ოჯახის ბიზნესინტერესში

19 აპრილი, 2017 •
სასკოლო სახელმძღვანელოები ვიცეპრემიერის ოჯახის ბიზნესინტერესში

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესი საშუალებას აძლევს განათლების მინისტრს, ერთპიროვნულად შეარჩიოს სასკოლო წიგნები. ხოლო მათი გამოცემისა და ბეჭდვისთვის  ბიუჯეტიდან გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ლარი, შესაძლოა, სრულად აითვისონ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიებმა.

რატომ ზრდის კორუფციის რისკს სახელმძღვანელოების სპეციალური წესით გრიფირება?

იმისთვის, რომ სახელმძღვანელო სკოლაში შევიდეს, მას გრიფი უნდა მიანიჭოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილმა კომისიამ. სახელმძღვანელოების გრიფირება ყოველ 6 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახალი წესის თანახმად კი – 3 წელიწადში ერთხელ მოხდება. წელს გრიფირება შეეხება პირველი-მეექვსე კლასის  სახელმძღვანელოებს, ხოლო 2018-ში – მეშვიდე-მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოებს.

სახელმძღვანელოს გრიფირება რამდენიმეეტაპიანი პროცესია, რომელიც ხორციელდება გრიფირების წესის მიხედვით. პირველი ეტაპია გრიფირების  კონკურსის გამოცხადება, მეორე ეტაპზე განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს, მესამე ეტაპზე კი ხდება სახელმძღვანელოების რეცენზირება და მოსაზრებების განხილვა და საბოლოოდ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესის მიხედვით (მე-13 მუხლი), რომელიც 2017 წლის 17 თებერვალს გამოქვეყნდა, მინისტრი უფლებამოსილია გრიფირების ეტაპების გავლის გარეშე მიანიჭოს სახელმძღვანელოს სერიას გრიფი, ამისათვის მას მთავრობის თანხმობა სჭირდება.

“ეს დისკრეცია განათლების მინისტრს აძლევს საშუალებას, გამოაცხადოს, რომ ის ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას. ასეთ გადაწყვეტილებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს სწორედ პოლიტიკურ მიზნებს: თუ არის გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც შეუძლია, რომ გავლენა ჰქონდეს მთავრობაზე, მას შეუძლია დაამტკიცებინოს თავისი წიგნი, ყოველგვარი გრიფირების გარეშე,”- აცხადებს განათლების პოლიტიკის სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია.

ამგვარ რისკ-ფაქტორებს ის გარემოებაც აძლიერებს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაში უკვე მონაწილეობს ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის ოჯახთან დაკავშირებული სტამბა, ხოლო ამჯერად მასთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია გრიფის მისაღებადაც აპირებს ბრძოლას.

რა კავშირი აქვს ვიცეპრემიერ ქუმსიშვილს სასკოლო სახელმძღვანელოებთან?

დიმიტრი ქუმსიშვილი 1

ეს არის სქემა, რომელიც ხსნის, თუ რა კავშირი აქვს ფინანსთა მინისტრსა და ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს, იმ ფირმებთან, რომლებიც უფასო სასკოლო სახელმძღვანელობის სამთავრობო პროგრამაში უკვე მონაწილეობენ ან აპირებენ მონაწილეობას.

პირველი-მეექვსე კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება ბოლოს 2011 წელს შედგა, რის შედეგადაც 20-მდე გამომცემლობის მიერ მომზადებული წიგნები შეირჩა. შერჩეულ წიგნებს თავად გამომცემლობები ბეჭდავდნენ, თავადვე შეჰქონდათ სკოლებში და ყიდდნენ. იმჟამად განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო, მის მიერვე გამოცემულ ბრძანებაში გრიფირების შესახებ ჩაიწერა:

“აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საავტორო უფლების მფლობელის მიერ ჩვეულებრივი ლიცენზიის ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს გამოყენების უფლება გადაეცეს ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს”.

ბრძანების ამ პუნქტის მიხედვით, გამომცემლობა მის მიერ შექმნილი წიგნის ფაილს გადასცემს განათლების სამინისტროს და სამინისტრო საავტორო უფლების თანამფლობელი ხდება.

ეს წესი პირველად 2013 წელს აამოქმედა განათლების სამინისტრომ, მაშინ მინისტრი ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო და მისი ინიციატივით მთავრობამ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამა დაიწყო. მაშინ გამომცემლობები და სამინისტრო ვერ შეთანხმდნენ ერთი სახელმძღვანელოს ღირებულებაზე, რის გამოც სამინისტრომ ზემოთ აღნიშნული წესი აამოქმედა და თავად დაიწყო გამომცემლობებიდან მიღებული ფაილების ბეჭდვა.

2013 წელს განათლების სამინისტრომ 4 686 935 სახელმძღვანელო და რვეული დააბეჭდინა “გაერთიანებულ ქართულ სტამბას”, რომელიც იმავე წელს ოთხმა სტამბამ (შპს ფავორიტი პრინტი, შპს ფორმა, შპს სეზანი და შპს მვპ) დააფუძნა. ამისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონ 299 ათას 167 ლარი დაიხარჯა. “გაერთიანებულმა ქართულმა სტამბამ” სასკოლო სახელმძღვანელოები 2014 წელსაც დაბეჭდა- 2015 წელს მხოლოდ სტამბა “მვპ”-მ, ხოლო 2016-ში – შპს “ფორმამ”.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია, თუ რა რაოდენობის სახელმძღვანელოები და რა ფასად დაიბეჭდა 2013-2016 წლებში:

infog1

“გაერთიანებული ქართული სტამბის” წესდების მიხედვით, რომელიც 2013 წლის 27 მარტითაა დათარიღებული, პარტნიორთა შორის წილები და მოგება-ზარალი ნაწილდება შემდეგი პროპორციით: ფავორიტი პრინტი – 40%, მვპ – 37%, სეზანი – 16% და ფორმა- 7%. ამ მონაცემების მიხედვით, 2013 წელს სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის გამოყოფილი თანხიდან “ფავორიტი პრინტმა” 3 მლნ 975 ათას 821 ლარი მიიღო, ხოლო 2014 წელს – 3 მლნ 161 ათას 386 ლარი, ანუ, ჯამში, 2013-14 წლებში – 7 მლნ 137 ათას 207 ლარი (იხ. ქვემოთ დიაგრამა):

infog3

“ფავორიტი პრინტმა” 2016 წელს დაბეჭდა სასკოლო სახელმძღვანელოები, თუმცა ამჯერად, როგორც შპს “ფორმის” ქვეკონტრაქტორმა. რამდენი ერგო “ფორმისთვის” გადარიცხული 2 მლნ 318 ათას 950 ლარიდან “ფავორიტი პრინტს”, ეს ჩვენთვის უცნობია.

ჯერ უცნობია, ვინ დაბეჭდავს 2017 წელს სასკოლო სახელმძღვანელოებს, რისთვისაც 4 მილიონ 342 ათას 358 ლარია გამოყოფილი. განათლების სამინისტროს შესაბამისი ტენდერი გამოცხადებული აქვს და შედეგები 26 აპრილს გახდება ცნობილი. დიმიტრი ქუმსიშვილთან დაკავშირებული კომპანია სახელმძღვანელოების შექმნის პროცესშიც აპირებს ჩართვას. ამჯერად საუბარია გამომცემლობა “პალიტრა L”-ზე, რომელიც 10-წლიანი პაუზის შემდეგ სწორედ ახლა უბრუნდება სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემის სფეროს.

“პალიტრა L”-ში ამის მიზეზად “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მშობლებისა და პედაგოგების თხოვნა გაითვალისწინეს, რათა მათ ინტერესებზე მორგებული თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოები შექმნან: “რაც შეეხება გრიფირების პირობებს, სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო დოკუმენტები დადებული. სამინისტროსა და გამომცემლობებს შორის მოლაპარაკებების პროცესში რამდენჯერმე შეიცვალა სამინისტროს პოზიცია. შესაბამისად, ოფიციალურ განცხადებებამდე პირობებზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია. ვიმედოვნებთ, რომ სამინისტრო გაითვალისწინებს გამომცემლების პოზიციასა და დიდ გამოცდილებას. სახელმძღვანელოების შექმნისთვის გამომცემლობა ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს და რისკი მართლაც არსებობს, თუმცა მაღალია საზოგადოებრივი დაკვეთა”,- აცხადებენ “პალიტრა L”-ის გამომცემლობაში.

პირველი-მეექვსე კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების შესაძენად განათლების სამინისტროს 7.5 მლნ ლარი აქვს გათვალისწინებული.

რას და რატომ აპროტესტებენ გამომცემლობები

გამომცემლობების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში მათი მონაწილეობა აზრს კარგავს, რაც სპეციალისტების შეფასებით, პირველ რიგში, სასწავლო პროცესს – მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დააზარალებს.

“იმის ნაცვლად, რომ თანამშრომლობა შედგეს გამომცემლობასა და სახელმწიფოს შორის, ამის ნაცვლად სახელმწიფო აშანტაჟებს გამომცემლობებს იმით, რომ სახელმწიფოს მათი გვერდის ავლითაც შეუძლია გამოუშვას სახელმძღვანელოები და წაიღოს სკოლაში. გამომცემლობებმა საქართველოში ძალიან დიდი ინვესტიციები განახორციელეს იმისთვის, რომ შეძლებოდათ უკეთესი სახელმძღვანელოების შექმნა, ვიდრე მანამდე, გამომცემლობა ახლა დაინტერესებულია, რაც შეიძლება იაფად შექმნას სახელმძღვანელო. ფასს თუ შეუზღუდავ, ნაკლები დანახარჯით შეეცდება სახელმძღვანელოს შექმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით აიღებს არსებულ სახელმძღვანელოს და მცირე მოდიფიკაციებით შემოიტანს იმავეს”, – აცხადებს სიმონ ჯანაშია.

გამომცემლობების წარმომადგენლების თქმით, პირველად დიდი ფინანსური ზარალი სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით 2013 წელს მიიღეს, როცა განათლების სამინისტრომ მათ ბეჭდვის უფლება ჩამოართვა, ხოლო სანაცვლოდ ბეჭდვის ღირებულების 10%-ს უხდიდა ჰონორარს. იმის გათვალისწინებით, რომ თითო წიგნის ბეჭდვის ღირებულება მაქსიმუმ 2.5-3 ლარია, გამომცემლობები თითოეულ წიგნზე იღებდნენ 25-30 თეთრს. იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის შემდეგ სამინისტრო ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებ სახელმძღვანელოსა და რვეულს ბეჭდავს, ვინაიდან მოსწავლეები სკოლაში აბრუნებენ გამოყენებულ სახელმძღვანელოებს და ხდება სულ მთლად დახეული წიგნების ჩანაცვლება, ყოველწლიურად იკლებს გამომცემლობების შემოსავლებიც ბეჭდვის 10%-ისთვის გამოყოფილი თანხიდან:

სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის გოყოფილი თანხის განაწილება სტამბებსა და გამომცემლობებზე
Create pie charts

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამომცემლობამ ამ თანხიდან წიგნის ავტორის ჰონორარი და საგადასახადო ვალდებულებებიც უნდა გაისტუმროს. შემოსავლების მნიშვნელოვანი კლების გამო ზოგიერთი გამომცემლობა უკიდურესად მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. ასეთია, მაგალითად, გამომცემლობა “დიოგენე”. “დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე ამბობს, რომ გამომცემლობის თანამშრომელთა რაოდენობა 35-დან 14-მდე შემცირდა, ხოლო თუ წლიურად 70 წიგნს გამოსცემდნენ, ახლა მხოლოდ 15-მდე წიგნს თუ გამოსცემენ. ფინანსური კრიზისის გამო “დიოგენემ” წიგნების მაღაზია გაყიდა, ხოლო ოფისს იმის გამო ვერ ყიდიან, რომ ბანკშია დაგირავებული.

გამომცემლობები ვარაუდობენ, რომ ამჯერად განათლების სამინისტრომ ისინი შესაძლოა სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესიდანაც გამოდევნოს.

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორი თინა მამულაშვილი ამბობს, რომ ადრე, გრიფირების პროცესში მხოლოდ გამომცემლობებს შეეძლოთ მონაწილეობა, ხოლო 2011 წელს, როცა შაშკინმა ზემოთ აღნიშული ბრძანება გამოსცა, ჩაიწერა, რომ ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეუძლია გრიფირების წესში მონაწილეობა. ეს წესი უცვლელად დარჩა ჯეჯელავას მიერ გამოცემულ ახალ ბრძანებაშიც გრიფირების შესახებ.

ეს მუხლი საშუალებას აძლევს სამინისტროს, სახელმძღვანელოები გრიფირებისთვის მიიღოს უშუალოდ ავტორებისგან, გამომცემლობების გვერდის ავლით.

გარდა ამისა, გრიფირების ახალი წესი კიდევ ერთ საფრთხეს შეიცავს გამომცემლობებისთვის – შეიძლება წიგნს გრიფი მიენიჭოს, მაგრამ ის სკოლაში ვერ შევიდეს. საქმე ის არის, რომ სამინისტრო სკოლებში შესატან გრიფმინიჭებულ წიგნებს ტენდერის გზით შეისყიდის და ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი დაბალი ფასი იქნება და არა ის, თუ რამდენად მაღალი ქულა მიიღო გრიფირების დროს კონკრეტულმა წიგნმა.

გამომცემლობა “არტანუჯის” დამფუძნებელი ბუბა კუდავა ამბობს, რომ ტენდერის წესით სახელმძღვანელოს შერჩევა უსამართლო მოდელია:

“ტენდერში უნდა გავიდეს აბსოლუტურად ერთნაირი პროდუქცია. ცხადია, თუ ხარისხი და ფორმა ერთნაირია, იქ ფასმა უნდა მოიგოს და ფასია მხოლოდ გადამწყვეტი. ამ შემთხვევაში ერთმანეთს, ფაქტობრივად, ვაჯიბრებთ ვაშლსა და მსხალს, რაც პრინციპულად უაზრობაა. ჩემ მიერ შექმნილი სახელმძღვანელო იმავე კლასში და იმავე საგანში არის სხვა და ჩემი კონკურენტის არის აბსოლუტურად სხვა. იმიტომაცაა მოგონილი ალტერნატიული სახელმძღვანელოები, რომ პრინციპულად განსხვავდება ისინი ერთმანეთისაგან. თუკი გრიფირების კონკურსში ჩემმა სახელმძღვანელომ მიიღო 100 ქულა, ჩემი კონკურენტის 80  ხომ ნიშნავს, რომ ჩემი საგრძნობლად ჯობია?  იმიტომ, რომ 80-ქულიანმა სახელმძღვანელომ მაჯობა 20 თეთრით,  სახელმწიფო იყიდის იმ სახელმძღვანელოს და არ იყიდის ჩემსას. გადამწყვეტი არის არა განათლების ხარისხი და ჩვენი შვილების მომავალი, არამედ ფასი”,- ამბობს ბუბა კუდავა.

გრიფირების ახალი წესით უკმაყოფილოა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც”. გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი ამბობს, რომ რესურსი, რომელსაც გამომცემლობა ხარჯავს სახელმძღვანელოს შექმნისას, დიდია, რისკები კი – ძალიან მაღალი:

“შენ შეიძლება იწვალო, მოგენიჭოს გრიფი, თან საუკეთესო ქულებით შეიძლება შეგაფასონ, მაგრამ მაინც უარი გითხრან ხელშეკრულების გაფორმებაზე. [სახელმძღვანელოების გრიფირებისთვის წარდგენა] რამდენიმე ათეული ათასი ლარის ხარჯია, ჩვენ ხომ ყოველდღიურად ვიხდით ამ თანხას, რომ მხატვარმა დახატოს, დიზაინი შექმნას, დაკაბადონება, კორექტურა და რედაქტირება, ამ ხალხს ხელფასს ვუხდით, ეს რამდენიმე ათეული ათასი ლარის ზარალია ჩვენთვის”,- ამბობს მამულაშვილი.

გრიფირების ახალ წესთან დაკავშირებით მარტის ბოლოს საქართველოში გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც განათლების სამინისტროშიც გამართეს სამუშაო შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან. ასოციაციის წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს – სურს თუ არა, 10-20 წლის პერსპექტივაში ქვეყანაში საგანმანათლებლო გამომცემლობის სექტორი არსებობდეს.

“ჩვენ მინისტრის მოადგილეს ჩვენი პოზიცია ნათლად ვუთხარით, თუ რატომ იქნება ეს სისტემა ნეგატიური გავლენის მომხდენი მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე. მან მოგვისმინა, ჩვენ საინტერესო საუბარი გვქონდა. ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის მდგომარეობა, როდესაც უმაღლესი ხარისხის მიღწევა შეუძლებელი იქნება ამ სისტემით,”- ამბობს ხოსე ბორგინო, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი.

გამომცემლობების შეთავაზება და სამინისტროს პოზიცია

სამინისტრო გრიფირების ახალი წესის(ი) შესახებ როდესაც საუბრობს, ამბობს, რომ ეს მოდელი უფრო ეკონომიურია. მეორე მხრივ, ისინი ინარჩუნებენ უფასო წიგნების პროგრამას, რომელიც მთავრობისთვის პოლიტიკურად მომგებიანია. თუმცა გამომცემლობები აცხადებენ, რომ განათლების სამინისტროს მნიშვნელოვნად არ გაუძვირდება ის თანხა, რომელსაც სახელმძღვანელოების შესაქმნელად ხარჯავს იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოებს გამომცემლობები შექმნიან და დაბეჭდავენ და შემდეგ სამინისტრო მათგან იყიდის წიგნებს მოსწავლეებისთვის დასარიგებლად.

გამომცემლობების წარმომადგენლების თქმით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სამინისტროს წარმომადგენლები მათ შეხვდნენ და შესთავაზეს ფასთა მატრიცა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ გრიფირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

“ეს ფასთა მატრიცა რომ დადგინდა, სამინისტრომ კვლევა ჩაატარა და თვითონ შემოგვთავაზა, რომ ამ სახელმძღვანელოების შექმნისას ამ ტირიჟით, ამ ფასად შევისყიდით და საშუალოდ 5 ლარი გამოდიოდა ერთი სახელმძღვანელოს ღირებულება. 5 ლარი არ არის ძალიან მაღალი ფასი, ნორმალური ფასია. ამ ფასში შედიოდა ბეჭდვაც და სახელმძღვანელოს მომზადებაც”,- ამბობს თინა მამულაშვილი.

საქსტატის მონაცემებით, 2015-2016 წლებში საჯარო სკოლების I-VI კლასებში  261 055 მოსწავლე სწავლობს. კლასების მიხედვით, საქართველოში საშუალოდ 43 509 მოსწავლე სწავლობს.  I-VI კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოს, მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნის ჩათვლით, სულ 58 დასახელების სახელმძღვანელოა შესაქმნელი. თუკი განათლების სამინისტრო ზემოთ აღნიშნული ფასთა მატრიცის მიხედვით შეიძენს I-VI კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, მაშინ მას ამისთვის 12 მლნ 617 ათას 610 ლარი დასჭირდება (43,509*58*5=12,617,610).

განათლების სამინისტრო ამ მოდელს აღარ თანხმდება და გადაწყვეტილი აქვს, რომ ცალკე შეისყიდოს სახელმძღვანელოების კონტენტი და ცალკე – მათი ბეჭდვა, როგორც ამას 2013 წლიდან აკეთებდა. მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას თქმით, კონტენტის შესაძენად (I-VI კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოები) 7.5 მილიონი ლარი აქვს სამინისტროს გათვალისწინებული. რაც შეეხება ბეჭდვას, სამინისტროს დასჭირდება დაახლოებით 2 523 522 სახელმძღვანელო/რვეულის (43,509*58=2,523,522) დაბეჭდვა. თუკი სამინისტროს მიერ წინა წლებში სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის დახარჯულ თანხებს გადავხედავთ, საშუალოდ 1 წიგნის ბეჭდვა 2 ლარამდე უჯდება სახელმწიფოს, ანუ 2 523 522 სახელმძღვანელოს დაბეჭდვისთვის 5 მლნ 47 ათას 44 ლარი დასჭირდება. ჯამში, სახელმძღვანელოს კონტენტისა და ბეჭდვისთვის სამინისტროს 12 მლნ 547 ათას 44 ლარი დასჭირდება, რაც გამომცემლობებთან დადებული ხელშეკრულებების პირობებში გამოთვლილ თანხასთან შედარებით მხოლოდ 71 ათასამდე ლარის ეკონომიას იძლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი