ახალი ამბები

ლუხუმ კაპანაძის ბიზნესლაბირინთები არჩევნების შემდეგ

28 თებერვალი, 2013 • 5349
ლუხუმ კაპანაძის ბიზნესლაბირინთები არჩევნების შემდეგ

“ბათფარმადან” – “ბიოპოლუსამდე”

 

ბათუმში, ნონეშვილის ქ. #65-ში, რეგისტრირებულ კომპანია “ბათფარმის” შესახებ ცნობილია, რომ აქ მედიკამენტებს, მათ შორის, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აწარმოებდნენ და შუა აზიის ბაზარზე გაჰქონდათ გასაყიდად. 2009 წლის ნოემბრამდე კომპანიის 33 პროცენტი ეკატერინე გიგოლაშვილს (გელა გიგოლაშვილის, ამჟამად უკვე გელა ობოლაშვილის ყოფილი მეუღლე), დანარჩენი წილები კი ლუხუმ კაპანაძეს – ივანე მერაბიშვილის მეგობარს ეკუთვნოდა.

 

სამი წლის წინ ეკატერინე გიგოლაშვილს თავის წილებში 547 210 ლარი გადაუხადეს და წავიდა. კომპანიიდან წავიდა მისი მეუღლეც, რომელიც იმ დროს “ბათფარმას” დირექტორი იყო.

 

“ბათფარმას” მისამართზე 2010 წელს ავთანდილ ჯანგავაძემ “ბიოპოლუსი” დაარეგისტრირა. დაფუძნებიდან 15 დღეში ჯანგავაძემ კომპანიის 90 პროცენტი ლუხუმ კაპანაძეს 9 ლარად მიყიდა, 10 პროცენტი კი სოსო ზაზაშვილს მისცა 1 ლარად. მალევე “ბიოპოლუსს” შეერწყა შპს “ვინდექსი”, რომლის ქონებაც იმ დროისთვის 10 845 300 ლარი იყო.

 

ლუხუმ კაპანაძე “ბიოპოლუსს” ფლობდა 2012 წლის 18 ოქტომბრამდე. იმ დღეს თავისი წილების 33 პროცენტი სწორედ გელა ობოლაშვილს მიყიდა 300 ათას დოლარად. დანარჩენი 57 პროცენტი ლუხუმ კაპანაძემ გადაუფორმა უმცროს ძმას, უჩა კაპანაძეს. უჩა კაპანაძემ, თავის მხრივ, ერთ კვირაში წილები 520 ათას დოლარად მიყიდა გელა ობოლაშვილს. იმავე დღეს გელა ობოლაშვილს თავისი 10 პროცენტიც სოსო ზაზაშვილმა გადასცა. ობოლაშვილმა ეს 10 პროცენტი 90 ათას დოლარად ავთანდილ ჯანგავაძეს მიყიდა.

 

გელა ობოლაშვილი, რომელიც ერთი შეხედვით ახალი სახეა, იგივე გელა გიგოლაშვილია. მან გვარი ჯერ 2000 წელს შეიცვალა და გახდა გიგოლაშვილი, 2011 წელს კი – თავისი პირველი გვარი დაიბრუნა. სამი წლის წინ “ბათფარმას” დირექტორობიდან წასული გიგოლაშვილი ახლა უკვე კომპანიის თითქმის ერთპიროვნული მესაკუთრეა. მას ჰყავს ახალი დირექტორი – ქეთევან მახაჭაძე.

 

ჯამში ქონება, რომელიც მინიმუმ 10 მილიონი ღირდა, ლუხუმ კაპანაძისგან გელა ობოლაშვილმა 730 ათას დოლარად იყიდა.

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, 2006 წელს დაფუძნებული “ბათფარმა” ამჟამად ლიკვიდაციის რეჟიმშია, მას ბაზარზე “ბიოპოლუსი” ჩაენაცვლა.

 

“ბათოილი” – ზეთის მწარმოებელი კომპანია

 

შვიდი წლის წინ ბათუმში, ნონეშვილის ქ. #65-ში რეგისტრირებული კიდევ ერთი კომპანია “ბათოილიც” ლუხუმ კაპანაძის “ლემისე კომპანიმ” დააფუძნა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მის მიერ დაფუძნებული “ბათოილი”, ანუ ზეთის მწარმოებელი ქარხანა, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაეცა.

 

ახალციხეში, სოფელ კლდეში დაბადებული ლუხუმ კაპანაძე რუსეთის მოქალაქეა.

 

ახალი კომპანიის – “ივერია ოილ ინტერნეიშენალის” ქართველი დირექტორი თეიმურაზ ნარიმანიძე ამბობს, რომ “ბათოილთან” არავითარი შეხება არ აქვთ, თუმცა მათი რეგისტრაციის მისამართიც ნონეშვილის ქუჩის #65-ია. გარდა ამისა, იმავე ქარხანაში მუშაობენ, სადაც “ბათოილი” იყო განთავსებული და ის საქალაქთაშორისო ტელეფონებიც კი არ შეუცვლიათ, რაც “ბათოილს”
ეკუთვნოდა.

 

თეიმურაზ ნარიმანიძე: “ბათოილი” არ ვიცი სად იყო. ჩვენ არ გვქონია შეხება, ალბათ, იყო ნონეშვილის ქუჩის #65-ში, იმიტომ რომ ეგ ქარხანა ეკუთვნოდა, მე მგონი, “ბათოილს”… ქარხანა, სამწუხაროდ, იყო სავალალო მდგომარეობაში. ჩვენ იძულებული გავხდით წამოგვეყვანა საინჟინრო ჯგუფი მოლდავური ქარხნებიდან, რადგან აქ არ არის კვალიფიციური კადრები და დავიწყეთ ქარხნის აწყობა… რეკონსტრუქციაზე დავდგებით მარტის ბოლოს, აპრილის შუა რიცხვებამდე. ახალი ტექნოლოგიური ხაზები შემოგვაქვს. ამ დროისთვის ალბათ მუშაობს 190 კაცამდე. მუშაობდა ძალიან ცოტა, გავაორმაგეთ დასაქმებული პერსონალი, გავზარდეთ ხელფასები…”

 

სად გააორმაგეთ მუშახელის ოდენობა, თუ ახლა შემოხვედით ბაზარზე? – ამ კითხვის პასუხად თეიმურაზ ნარიმანიძე ამბობს: “მაგ ქარხანაში არსებული კადრები…”

 

საჯარო რეესტრის 2012 წლის 5 ივლისის მონაცემებით კი, 24 039 692 ლარის საწესდებო კაპიტალის მქონე “ივერია ოილ ინტერნეიშენალის” ასივე პროცენტი, დაფუძნების დროს, ეკუთვნის შპს “ქართული ზეთის კომპანიას”. თავად “ქართული ზეთის კომპანიის” ასივე პროცენტის მფლობელია “მავირა ინვესტმენი” (ლონდონი). “ქართული ზეთის კომპანია” ბათუმში, ნონეშვილის
#65-შია რეგისტრირებული.

 

ამის მიუხედავად თეიმურაზ ნარიმანიძე “ბათუმელებთან” არათუ კუთვნილებას, არამედ კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე
სახის კავშირს “ქართული ზეთის კომპანიასთან”.

 

ახალი რეალობა “ლემისე კომპანისთვის”

 

ლუხუმ კაპანაძის “ლემისე კომპანი” საქართველოში მრავალმხრივ ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა არჩევნებამდე. ზოგი ბიზნესი ოფშორში
ჰქონდა რეგისტრირებული, ზოგი – საქართველოში. არჩევნებიდან ოთხ თვეში ბათუმში არსებულ მის ყველა ბიზნესში, მათ შორის “ბათოილშიც”, ახალი სახეები გამოჩნდნენ.

 

დოკუმენტები, რომელიც “ბათუმელებმა” შეისწავლა, არ გამორიცხავს, რომ ექვსი სხვადასხვა კომპანია, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად “ბათოილის” შეძენაში მონაწილეობდნენ, კვლავაც ლუხუმ კაპანაძეს ეკუთვნოდეს.

 

ერთ-ერთი ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც “ბათუმელებმა” მოიპოვა, “ბათოილის” ბაზაზე მოქმედმა კომპანიამ – “ივერია ოილ ინტერნეიშენალმა” საჯარო რეესტრში ბევრი ცვლილება განახორციელა. მათ შორის, თავის დამფუძნებელ “ქართული ზეთის კომპანიისგან” წილების გამოსასყიდად 20 მილიონი დოლარი გადაიხადა. ზეთის კომპანია “ივერია ოილ ინტერნეიშენალში” მხოლოდ წლების 25 პროცენტს ფლობდა. დანარჩენ 75 პროცენტი კი Delta Commodity & Financial Services ეკუთვნოდა. “ბათუმელებისთვის” უცნობია დანარჩენი 75 პროცენტი რა ღირს.

 

“ზეთის კომპანიასა” და “ივერია ოილ ინტერნეიშენალს” შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესწავლის დროს (2012 წლის ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 12 თვის განმავლობაში თითოეულმა მხარემ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა
და არ გაამჟღავნოს რაიმე ინფორმაცია) აღმოჩნდა, რომ დოკუმენტში ფიგურირებს გია ქავთარაძე – მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი, რომელიც ახალი მთავრობის მინისტრმა კახა კალაძემ თავის მოადგილედ დანიშნა (გია ქავთარაძე საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მალევე ჩამოაშორეს სამინისტროს). ხელშეკრულებაში გია ქავთარაძეს შემდეგი სახის ხელნაწერია დაფიქსირებული: “მე გია ქავთარაძე… ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ტექსტის შინაარსზე მხარეებს პრეტენზია არ აქვთ”.

 

“ბათოილი” და სხვები

 

“ბათოილი” დიდხანს ითვლებოდა წარმატებულ ბიზნესად. 2009 წელს მას შეერწყა ლუხუმ კაპანაძის კიდევ ერთი კომპანია “მეგა ინვესტი”. ამ უკანასკნელის ქონება იმ დროს 18 მილიონზე მეტ ლარად შეფასდა. ერთი წლის შემდეგ “ბათფარმამ” 3,5 მილიონ ლარად “ბათოილს” მიყიდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია “სლვ პროდაქშენი”.

 

“ბათფარმას” ქოლგის ქვეშ საქართველოში თითქმის ათამდე მსხვილი კომპანია იყო გაერთიანებული.

 

ქონებაზე, რომელიც ლუხუმ კაპანაძის კომპანიებს თავის დროზე სიმბოლურ ფასად მისცა ხელისუფლებამ, რამდენიმე მოქალაქე პრეტენზიას არჩევნებამდეც აცხადებდა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ბათუმის ოფისის იურისტის, ირინე ურუშაძის განმარტებით, “თუკი მესამე პირმა იყიდა ქონება და არ იცოდა, რომ ამ ქონებას ჰქონდა რაიმე ნაკლი, მაგალითად, ვიღაცას ჰქონდა სხვაგვარი უფლება, ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენი იტოვებს საკუთრებას და სახელმწიფო, ზიანის ანაზღაურების სახით, აღადგენს სამართლიანობას. როდესაც მესამე პირმა იცოდა ან შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ (მაგალითად, პრესაში იყო გახმაურებული), ვინც დავობს, ის იყო მესაკუთრე და სახელმწიფომ შეუქმნა პრობლემა, შემძენი ვეღარ იქნება კეთილსინდისიერი. ამ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია ქონება დაუბრუნოს პირველ მესაკუთრეს.

 

თუ მესამე პირი ოფშორშია დარეგისტრირებული, ანუ რამდენიმე ჯაჭვი როცა ებმის ერთმანეთს, რთულია კეთილსინდისიერების გაბათილება, რადგან მთავარი მტკიცებულება, საკუთრება ვისია, არის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია დავის პროცესში იტყვის, რომ ყიდვის დროს ამ დოკუმენტს ეყრდნობოდა. ამ შემთხვევაში გაყიდული ქონების დაბრუნება რთულია”.

 

“ქართუ ბანკი” და ლუხუმ კაპანაძის ბიზნესი

 

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბანკმა 2007 წლისთვის, ანუ დაფუძნებიდან ერთ თვეში “ბათოილს” სესხის სახით 37 მილიონი დოლარი მისცა 18 პროცენტად. მაშინ იმავე ბანკმა სესხი – 2 მილიონი დოლარი “ბათფარმას” 12%-ად მისცა.

 

ლუხუმ კაპანაძე და სახელმწიფო ქონება

 

საჯარო რეესტრის მონაცემებში ნონეშვილის 65 ნომერში (თამარის დასახლება/ზედა ქალაქი) რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერს 13 გვერდი უკავია. ლუხუმ კაპანაძეს, 2005 წლიდან 2011 წლის ჩათვლით, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ასობით ჰექტარი სახელმწიფო მიწა გადაეცა 1 ლარად ანუ სიმბოლურ ფასად, მათ შორის აჭარის ზღვისპირა ზოლში.

 

რეესტრის მონაცემებით, “ბათფარმასა” თუ ბათოილის ბალანსზე 50 ათასი კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთია გადაცემული, მასზე დამაგრებული შენობანაგებობებით.

 

სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიებით დასტურდება, რომ ლუხუმ კაპანაძემ ამ მიწების ნაწილი საკუთრებაში მიღებიდან მალევე გაყიდა, საიდანაც მინიმუმ 26 მილიონი დოლარი მოიგო.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ბათფარმა და ბათოილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი იყო
მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ბათფარმა და ბათოილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი იყო

მასალების გადაბეჭდვის წესი