ახალი ამბები

ალასანია: თავდაცვის უწყების ბიუჯეტისთვის დამატებითი სახსრები იქნება მოზიდული

28 თებერვალი, 2013 • 1059
ალასანია: თავდაცვის უწყების ბიუჯეტისთვის დამატებითი სახსრები იქნება მოზიდული

დღეს მარნეულის საავიაციო ბრიგადაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და სამხედრო მფრინავების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და პარლამენტის უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები. 

 

ირაკლი ალასანიას თქმით, შეიარაღებული ძალების ელიტარული ნაწილი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაზე საშინელ  მდგომარეობაშია: ბაზაზე მცხოვრებ სამხედრო მფრინავებს სასმელი  წყალი არ მიეწოდებათ, შენობა-ნაგებობების  მიმდებარე ტერიტორია არ არის ასფალტირებული, რაც სამხედრო მოსამსახურეების მიერ ფიზიკური ვარჯიშების ნორმალური ჩატარების საშუალებას არ იძლევა; ყაზარმებში არსებული ხის ფანჯრები ამორტიზებულია, კედლები დაზიანებულია, ხოლო ხის იატაკი ადგილებში – ჩავარდნილი; მწყობრიდან გამოსულია ხელის  საბანი ონკანები, ნიჟარები, საშხაპეები, არ ხდება ფეკალური მასის გატარება, რაც ანტისანიტარულ  გარემოს ქმნის.

 

ირაკლი ალასანია მარნეულის საავიციო ბრიგადაში
ირაკლი ალასანია მარნეულის საავიციო ბრიგადაში

„მსოფლიოს მასშტაბით  სამხედრო ავიატორები, სამხედრო ავიაცია არის ელიტარული. მათი საცხოვრებელი პირობები, სამუშაო პირობები განსაკუთრებულად კარგია. დღეს ამ ბაზაზე რაც  ვიხილეთ, კომენტარს არ საჭიროებს – აქ ჯარისთვის არაადამიანური  პირობებია შექმნილი, ასეა თითქმის სამხედრო ინფრასტრუქტურის 80%. დავისახეთ ამოცანა, რომ წელსვე დავიწყოთ ამ სიტუაციის  გამოსწორება. თავდაცვის  სამინისტროსთვის ჯარისკაცი, ოფიცერი  მთავარი ღირებულება იქნება. მათთვის საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, მათთვის  ვარჯიშის შესაძლებლობის მიცემა, ჩვენ მიერ უზრუნველყოფილი იქნება. წარსულში დაშვებული  შეცდომების გამოსწორება უსწრაფესად, ძალიან მოკლე ვადებში, მაგრამ გონივრულად და გაწერილად უნდა განხორციელდეს. ჩემთვის მთავარია წელსვე გამოვასწოროთ სიტუაცია და  გარდატეხა მოვახდინოთ და ჩვენ ამას მოვახერხებთ,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

„ყაზარმები კატასტროფულ  მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურა დანგრეულია. თავდაცვის მინისტრს უკვე დაყენებული აქვს საკითხი, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ადეკვატური პირობების შექმნა. რა თქმა უნდა, პარლამენტი მხარს  დაუჭერს ბიუჯეტის გაზრდას, თუკი ეს საკითხი დადგება. ვფიქრობ, რომ პარლამენტარებმა, მითუმეტეს, ჩვენმა კომიტეტმა, ხშირად უნდა იაროს სამხედრო ნაწილებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს პირდაპირი მჭიდრო კავშირი, რათა ჩვენი თვალით ვნახოთ და შემდეგ შევაფასოთ თითოეულ  ნაწილში არსებული მდგომარეობა. ეს საშუალებას მოგვცემს, ერთი  მხრივ, ბიუჯეტის გაზრდაზე ვიფიქროთ, მეორე მხრივ, მომავალში  შეგვეძლოს იმის შეფასება, თუ რა იყო, რა მდგომარეობაში  დაგვხვდა, რა გააკეთა ახალმა მინისტრმა, ახალმა ხელმძღვანელობამ  და იმის მიხედვით მოვითხოვოთ შესაბამისი ანგარიშები,“ – აღნიშნა  პარლამენტის თავდაცვის  და უშიშროების კომიტეტის  თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

 

როგორც ირაკლი ალასანიამ  აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გუშინ მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

 

„თავდაცვის უწყების ბიუჯეტისთვის დამატებითი სახსრებიც იქნება მოზიდული. საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან უკვე აღთქმული მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს“.

 

თავდაცვის  მინისტრის თქმით, სამხედრო ბაზების ინფრაქსტრუქტურის გასაუმჯობესებლად გამოყოფილი თანხები სრულად ტრანსპარენტული იქნება, ხოლო კონტროლი პაროლამენტის მხრიდან განხორციელდება. მისივე განცხადებით, მარნეულის საავიაციო  ბაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ერთ წელიწადში განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი