ახალი ამბები

ბესელია “ნაციონალურ მოძრაობას” საბოტაჟში ადანაშაულებს

27 თებერვალი, 2013 • • 1053
ბესელია “ნაციონალურ მოძრაობას” საბოტაჟში ადანაშაულებს

ეკა ბესელიას მტკიცებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებობს რადიკალური ფრთა, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს და მთავრობისათვის საქმიანობაში ხელის შეშლას ცდილობს:

 

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები, რომ “ნაცმოძრაობის” წიაღში არსებობს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც მოქმედებს კარგად გააზრებული გეგმით და რომლის მიზანია მათ ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით, ყოფილი ხელისუფლების ერთგული ანგაჟირებული საჯარო მოხელეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, სასამართლო, თვითმმართველობა, მათ მიერ კონტროლირებადი მედიით,  მოახდინონ მთავრობის გამართული საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ხელოვნურად გამოიწვიონ ხალხის უკმაყოფილება და მოამზადონ ნიადაგი იმ ავტორიტარული საკონსტიტუციო მუხლის ამოქმედებისთვის, რომელიც გამოიწვევს ხალხისთვის დემოკრატიული არჩევნების შედეგების წართმევას და “ნაცმოძრაობის” მიერ უკანონოდ ხელისუფლების მიტაცებას”.

 

ბესელია აცხადებს, რომ საბოტაჟი “ნაციონალური მოძრაობის” ერთიანი გეგმის ნაწილია:

 

“საბოტაჟის მიზანია აპრილში ამოქმედდეს კონსტიტუციის ის ნორმა, რაც გულისხმობს პრეზიდენტის უფლებას, დაითხოვოს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა. ამ ფონზე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან ხელისუფლებასთან საკონსტიტუციო ცვლილების საკითხზე მოლაპარაკების ხელოვნურად ჩაშლა და საბოტაჟის მცდელობები ერთიანი გეგმის ნაწილია.”

 

ამ მიზეზების გამო დეპუტატი მთავარ პროკურორს და შს მინისტრს მოუწოდებს, აღნიშნულ საქმეზე მასშტაბური რეაგირება მოახდინონ:

 

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სამინისტროები ებრძვიან და ამარცხებენ კონკრეტული საბოტაჟის ფაქტებს მათ უწყებებში, მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ მოახდინოს მასშტაბური რეაგირება არა მხოლოდ განხორციელებულ საბოტაჟზე, არამედ  წინასწარ აღკვეთოს ნებისმიერი იმ ტიპის მცდელობა, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას და გამოიწვევს მოქალაქეთა მდგომარეობის დროებით გაუარესებას.”

 

ამ განცხადებას ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე. მისი თქმით, ქვეყანაში რაღაც ძალა ნამდვილად ცდილობს საბოტაჟის მოწყობას, მაგრამ დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება:

 

“მე არ ვიცი, ქალბატონი ეკა ბესელია რა საბოტაჟზე საუბრობს, მაგრამ მე ვამბობ, დიახ, “ქართული ოცნების” მმართველობის სტილმა ნებისიერ მესამე ძალას, დაუსჯელობის სინდრომმა, მოქმედების განუსაზღვრელად მიცემულმა თავისუფლებამ – ოღონდ ეს მოქმედება იყოს მიმართული “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ, მისცა წახალისება ნებისმიერ ძალას აკეთონ ის, რაც მათ უნდათ ქვეყნისთვის საზიანოდ.”

 

ბობოხიძე პასუხისმგებლობის გადანაწილების განსაზღვრაზე აკეთებს აქცენტს:

 

“სწორად უნდა განვსაზღვროთ პასუხისმგებლობების გადანაწილების საჭიროება ამ ქვეყანაში და არ არის აუცილებელი მიითვისო და მიიტაცო ყველა უფლება, რომელიც კი ამ ქვეყანაში არსებობს პრეზიდენტის, მთავრობის თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ. სწორედ ამიტომ ვეუბნები ქალბატონ ეკას და “ქართულ ოცნებას” : დიახ, არსებობს ალბათ მესამე ძალა, რომელიც წახალისებულია “ქართული ოცნების” მიერ და დროა საზღვარი დავუდოთ ამ ეგრეთ წოდებული მესამე ძალის თავნებობას და თვითნებობას. ოღონდ თითს ნუ იშვერენ “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი