“ბატონი მუსტაფა გამორჩეული პიროვნებაა, დიდი პროფესიონალი, უაღრესად პატიოსანი და თავისი საქმის მოყვარული. ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და მთელ თავის დროსა და ენერგიას სკოლებს უთმობდა”, – ამ ციტატის ავტორი დემირელის კერძო კოლეჯის დირექტორი ნინო კავთიაშვილია, რომელიც მუსტაფა ემრე ჩაბუქის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი დემირელის კოლეჯის მენეჯერი და საქართველოში ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში მოქცეული სკოლების დამფუძნებლების წარმომადგენელია. იგი მიმდინარე წლის მაისში თბილისში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს.
ნინო კავთიაშვილი ამბობს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის სახელს საქართველოში არაერთი საგანმანათლებლო პროექტი უკავშირდება.
“ეს იმდენად აბსურდული ბრალდებაა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. სრულიად წარმოუდგენელია და მე ამაში პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ. ამას არავინ დაიჯერებს. არ არსებობს ამის არგუმენტაცია. ის საქართველოში 15 წელია ცხოვრობს და ათასობით ადამიანს იცნობს. ტერორიზმი კი არა, ეს ადამიანი ჭიანჭველსაც არ დაადგამდა ფეხს. მისი სფერო მხოლოდ და მხოლოდ განათლებაა. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ამ სფეროში ძალიან წარმატებულად მუშაობდა და ამის დასტურია არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ოლიმპიადა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა”, – ამბობს კავთიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში და დასძენს, რომ ჩაბუქის დაკავება დემირელის კოლეჯზეც ახდენს გავლენას.
“ეს ძალიან მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის: როგორც პედაგოგებისთვის, ასევე ჩვენი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობთ. ეს 24-წლიანი გამოცდილების ერთ-ერთი საუკეთესო კერძო სკოლაა, რაზეც წლევანდელი რეიტინგებიც მეტყველებს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ოლიმპიადების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უფრო ფაქიზად უნდა მიუდგეს ასეთ თემებს, როცა საქმე ბავშვების უფლებების დაცვას ეხება. მით უმეტეს, რომ საუბარია ერთ-ერთ გამორჩეულ სკოლაზე საქართველოში”, – აცხადებს კავთიაშვილი.
თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.
დაკავების ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.
“ამ ადამიანს საერთოდ არ ჰქონდა მათთან შეხება. ბრალად სდებენ იმას, რომ თითქოს ის დემირელის კოლეჯის ერთ – ერთ მეწილეს ეხმარებოდა წილის გასხვისებაში ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე (მეტროპოლიტენ ედუქეიშენ ენდ კონსალთინგ სერვისი). ეს ამერიკული კომპანია მიჩნეული არ არის ტერორისტულ ორგანიზაციად, რადგან ის აშშ-შია რეგისტრირებული, და ასე რომ იყოს, კომპანიის მიმართ, ბუნებრივია, ამერიკაშიც იქნებოდა პრეტენზიები… წილის გასხვისება თუ ტერორისტული საქმიანობა იყო, ეს პირველად გავიგე”, – ამბობს ბარათაშვილი.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას, სადაც კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ბარათაშვილის ცნობით, ჩაბუქი 2 წელწადია მუდმივად საქართველოში ცხოვრობს და ბინადრობის ნებართვას ფლობს.
2017 წლის თებერვალში ჩაბუქმა კოლეჯის მფლობელების (იუსიფ ალთაში, მოქალაეობა – თურქეთი, ფლობს წილის 20%-ს, იაშარ შიმშექი, თურქეთი- 20%, ჯიჰარ აქინი, გერმანია- 60%) მინდობლილობით საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, დემირელის კოლეჯის წილები ზემოხსენებულ ამერიკულ კომპანიაზე უნდა გადარეგისტრირებულიყო, თუმცა რეესტრმა ეს მოთხვნა არც ერთხელ დაუკმაყოფილა. გარდა ამისა, ჩაბუქის განცხადების მიხედვით, დემირელის კოლეჯს უნდა შეცვლოდა სახელი (ქართულ – ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენი).
ნინო კავთიაშვილს ვკითხეთ, ხომ არ შეიცვალა სკოლის გაყიდვასთან დაკავშირებით არსებული გეგმები:
“მე დეტალები არ ვიცი. წილების გაყიდვა არა მგონია, დანაშუალი იყოს”, – ამბობს ნინო კავთიაშვილი.