ახალი ამბები

საქართველომ ევროკავშირისგან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო

25 თებერვალი, 2013 • 1033
საქართველომ ევროკავშირისგან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო

ფანჯიკიძის თქმით, ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა: 

 

“საქართველოს უკვე ეძლევა შესაძლებლობა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების მიზნით გახსნილი დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადასვლის და შეუდგეს სამოქმედო გეგმის პირველი საკანონმდებლო ხაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას”.

 

ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ამ გეგმის მიღება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა:

 

მალმსტრომი და ფანჯიკიძე
მალმსტრომი და ფანჯიკიძე

“საქართველოს ახალმა მთავრობამ აიღო ვალდებულება, შექმნას ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დაყრდნობილი იქნება ევროპულ ფასეულობებზე. ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ორგანიზებულ დანაშაულებთან და კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია. სწორედ ამ მიმართულებით საქართველოს მიერ ეფექტურად განხორციელებული შესაბამისი ღონისძიებები სამომავლოდ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწეყბას განსაზღვრავს”.

 

მაია ფანჯიკიძემ მადლობა გადაუხადა ევროკომისარ სესილია მალმსტრომს დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული მხარე საქართველოს ძალისხმევას სათანადოდ შეაფასებს.

 

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიმყოფებოდე აქ, თბილისში და გადავცე საგარეო საქმეთა მინისტრს სამოქმედო გეგმა. ალბათ, ეს ყველაფერი არ იქნებოდა შესაძელებლი, საქართველოს რომ არ აეღო სრული ვალდებულება ევროინტეგრაციის კუთხით. თქვენ ბრწყინვალე პროგრესს მიაღწიეთ იმ კუთხით, რომ გაუმჯობესდეს პოლიტიკა და კანონმდებლობა. 

 

არის მიმართულებები დარჩენილი, სადაც ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელოს ეს სამუშაო ევროპასთან ერთად თანამშრომლობით ისე, რომ პატივი ვცეთ ფუნდამენტურ უფლებებს და კანონის უზენაესობას. ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება, რომელიც ოქტომბერში განხორციელდა, არ იქონიებს ზეგავლენას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, რომელიც ისედაც კარგია ამ ეტაპზე”, – განაცხადა სესილია მალმსტრომმა.

 

ამ დრომდე აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ექვსი ქვეყნიდან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას მხოლოდ ორი ქვეყანა – უკრაინა და მოლდოვა ახორციელებდნენ და მათ რიცხვს დღეიდან საქართველოც შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი