ახალი ამბები

კბილაშვილი: გუნავასთვის ნარკოტიკის და იარაღის ჩადება არ დადასტურდა

24 თებერვალი, 2013 • • 1304
კბილაშვილი: გუნავასთვის ნარკოტიკის და იარაღის ჩადება არ დადასტურდა

“ბატონი გუნავა აცხადებდა, უფრო სწორად, მისი ადვოკატი, რომ მას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს, გამოძიების შედეგად ეს ფაქტი არ დადასტურდა, რადგან აღნიშნულის სასარგებლოდ არის მხოლოდ გუნავას ჩვენება, სამაგიეროდ ის, რაც გამოძიების შედეგად დადასტურდა, ეს არის უსწორობები, რომელიც დაკავებისა დ ჩხრეკის ოქმში არის აღნიშნული. კერძოდ, გუნავას დაკავება, მისი გადაყვანა სამინისტროში, მისი აყვანა ლიფტში, აცდენილია იმ რეალურ დროს, რომელსაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი. აი, ეს სხვაობები იქნა გამოვლენილი და ამას აქვს შესაბამისი შეფასება მიცემული”. –განაცხადა კბილაშვილამა.

 

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი და დეტალურად გაიგებს იმ პოზიციას, რომელიც პროკურატურას გააჩნია.  

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი და ამჟამად სამეგრელო – ზემო სვანეთის  გუბერნატორი თენგიზ გუნავა ორჯერ დააკავეს.  ერთ–ერთ ბრალდებასთან, რომელიც  ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს, მან  2012 წლის 19  ნოემბერს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე განყოფილების დეტექტივებსა და გამომძიებლებს საქართველოს მთავარ პროკურატურაში უჩივლა. ის მიიჩნევს, რომ დაკავებისას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს, ასევე დაალევინეს ნარკოტიკგარეული წყალი.

 

თენგიზ გუნავა 2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ის ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს.

 

შსს–ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი მისთვის ბრალის წაყენებას ბაჩო ახალაიასთან  მეგობრობას და ამ ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებდა. თენგიზ გუნავას მტკიცებით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მის ორგანიზმში იყო ნარკოტიკული საშუალება მორფინი, რომელიც დაკითხვისას წყალში გარეული დაალევინეს. გარდა ამისა, ამტკიცებს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში “მაკაროვის” სისტემის იარაღი ჩაუდეს.

 

მას აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით  თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 18 ნოემბერს გირაო შეუფარდა 10 ათასი ლარის ოდენობით.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი