ახალი ამბები

არასამთავრობოები პრემიერს 7 ქალაქის მუნიციპალიტეტთან შეერთების საკითხზე შეხვედრას სთხოვენ

29 მაისი, 2017 •
არასამთავრობოები პრემიერს  7 ქალაქის მუნიციპალიტეტთან შეერთების საკითხზე შეხვედრას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ოფიციალური წერილი მთავრობის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს შეიტანეს.

არასამთავრობოების განცხადებით, აღნიშნულ რეფორმაზე მსჯელობა მხოლოდ ხელისუფლების შიგნით მიმდინარეობს და იგნორირებულია საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველობის ევროპული ქარტიით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა მსგავს რეფორმაზე კონსულტაციის პროცესებთან დაკავშირებით:

„7 თვითმმართველი ქალაქის თემებთან გაერთიანების საკითხზე 29 მარტს 126-მა საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციამ, ასევე, 18 მაისს 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებისადმი გაავრცელა განცხადებები, სადაც გამოვთქვით მოსაზრებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ განცხადებათა ძირითადი მოთხოვნა საკითხის მომზადებისა და განხილვის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. სამწუხაროდ, ამ და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებისა თუ მოქალაქეების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიუხედავად, რეფორმაზე მსჯელობა მხოლოდ ხელისუფლების შიგნით გრძელდება. პრაქტიკულად, იგნორირებულია საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველობის ევროპული ქარტიით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა მსგავს რეფორმაზე კონსულტაციის პროცესებთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ მიმართვაში.

არასამთავრობოები პრემიერს მოუწოდებენ, მოისმინოს და გაიზიაროს საზოგადოების, მათ შორის არასამთავრობო სექტორის, მოსაზრებები და სთხოვენ, უახლოეს პერიოდში გამონახოს დრო, რათა ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელოს.

„დაუყოვნებლივ აუცილებლობად მიგვაჩნია, ქვეყნის მთავრობის მეთაურს პირადად გაგაცნოთ როგორც გასაერთიანებელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობისა და, ზოგადად, საზოგადოების, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებიც წლებია, თვითმმართველობის საკითხებზე ვმუშაობთ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგმართავთ თხოვნით, დავნიშნოთ შეხვედრა, სადაც მიმდინარე რეფორმაზე ჩვენი, ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებსა და მოსახლების განწყობაზე არსებულ ინფორმაციას გაგიზიარებთ.“, – ნათქვამია მიმართვაში.

აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერენ: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; რეგიონის განვითარების ცენტრი; ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; „კივიტას გეორგიკა“; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს მედია-კლუბი; მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი