ახალი ამბები

ხიდაშელის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია აღარ შეიქმნება

24 თებერვალი, 2013 • • 890
ხიდაშელის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია აღარ შეიქმნება

“თავიდანვე ვთქვით, რომ საჭიროების შემთხვევაში იქნებოდა ეს კომისია, ამ წუთას არც მე და არც უმრავლესობა ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ, მე ვფიქრობ, პროკურატურა ძალიან კარგად მუშაობს. გვეშინოდა, არ ეჩქარა პროკურატურას, გამომდინარე იმ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ზეწოლისგან, რომლის ქვეშაც იმყოფება დღეს საგამოძიებო სტრუქტურები, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია. ბევრი ადამიანი გაბრაზებულია იმაზე, რომ არც ისე სწრაფად მოქმედებს პროკურატურა, მაგრამ სწორედ ეს არის ამოცანა, რომ არავის დარჩეს განცდა, რომ საქმეს რამე დააკლდა, რომ გამოძიება არის ნაჩქარევი და მტკიცებულებები არ არის საკმარისად შეკრებილი.  ჩემი აზრით, დღეს ამის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას ქვეყანაში”– განაცხადა ხიდაშელმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს  “ქართული ოცნების” საინფორმაციო ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,  თინა ხიდაშელი  პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელად მოიაზრებოდა.  ინფორმაციაში, რომელსაც “ქართული ოცნება” ავრცელებდა, ნათქვამი იყო: “პარლამენტში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც ყოფილ თანამდებობის პირებს დაიბარებს”.

 

კომისიის შექმნაზე საუბრობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. მისი განცხადებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტში შეიქმნას ერთ ან მეტი საგამოძიებო კომისია. წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისიის ერთ–ერთ ხელმძღვანელად თინა ხიდაშელის კანდიდატურა განიხილებოდა. აღნიშნული განცხადებები 2012 წლის ოქტომბერში გაკეთდა. 

 

2012 წლის ნოემბერში კი “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის” მიერ ინიცირებული იყო პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს და კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმცირესობას. აღნიშული კანონპროექტის  განხილვის შემდეგ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა:

 

„საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტიკური მოტივაციის გამო უარი თქვა იმ წინადადებაზე, რომელიც მათ მიერვე იყო ჩაწერილი საარჩევნო პროგრამაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც, ფაქტობრივად, კენჭისყრის გზით დადასტურდა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები რეალურად არ აპირებენ არც ერთი იმ ნაბიჯის გადადგმას, რაც მათ საარჩევნო პროგრამაში იყო დაფიქსირებული”. 

 

ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, “ქართული ოცნების” პროგრამის განხორციელება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც კონსტიტუცია შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან:

 

„იმის გამო, რომ დღეს სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელიც ფართო კონსტიტუციური უფლებებითაა აღჭურვილი, არის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომელიც უმცირესობას წარმოადგენს პარლამენტში, ამ უმცირესობის უფლებების ასეთი გაზრდა კიდევ უფრო გაზრდის დისბალანსს და შექმნის უფრო მეტ პოლიტიკურ რისკს, ვიდრე დღეს არის.“– განაცხადა ხმალაძემ ნოემბერში. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი