ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე დღე – საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება

28 მაისი, 2017 •
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე დღე – საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება

დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საკომიტეტო მოსმენები პოლიტიკური და უსაფრთხოების სამოქალაქო კომიტეტების სხდომებით გაგრძელდა, რომლებზეც სიტყვით საგარეო საქმეთა და შერიგების საკითხებში სახელწმიფო მინისტრები წარდგნენ.

პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე მოხსენება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა. სამინსიტროს ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, იმ ქმედებებზე, რომლებსაც საქართველო ახორციელებს როგორც ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის კუთხით.

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ MAP არ არის საქართველოს მიზანი, არამედ საქართველოს სურს ნატოს წევრობა, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება.

უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემაზე გამართული დისკუსიის პანელზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრს მოუსმინეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტის წევრებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და დისკრიმინაციული მიდგომების ფაქტებიც წარმოადგინა და რუსეთის მიერ პროვოკაციულ ქმედებებზეც ისაუბრა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარესაც მოუსმინეს. ანა ნაცვლიშვილმა ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის და სამართლის უზენაესობის შესახებ მოხსენება წარმოადგინა და სამართლებრივი სისტემის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში სამართლებრივი სისტემა ბოლო ოცი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა და აღნიშნული პროგრესი ქვეყნის გარეთაც სათანადოდ ფასდება, თუმცა რჩება მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც ცვლილებებს და რეფორმირებას საჭიროებს. მომხსენებელმა ამ კუთხით ყურადღება სასამართლო ხელისუფლების და სამართალდამცავი ინსტიტუტების (პროკურატურა, პოლიცია) მისამართით გაამახვილა და მისი ორგანიზაციის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა. ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის საკითხებსაც შეეხო და კონსტიტუციური კანონპროექტის მნიშვნელობაც მიმოიხილა.

საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა „შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის დამყარებაზე“, „ომი სირიასა და ერაყში: ჰუმანიტარული ასპექტები“ და „სოციალური მედიის რევოლუცია: შედეგები პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით“ მოხსენებები მოისმინეს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ხვალ პლენარული სხდომით დასრულდება, რომელზეც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერი დეკლარაციის მიღება იგეგმება.

„ხვალ პლენარულ სხდომაზე მივიღებთ საბოლოო დეკლარაციას საქართველოს შესახებ. ეს არის საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღების ნიშანი, რადგან მსგავსი დეკლარაციის მიღება ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, რომ ჩვენ სესიას ნატოს არაწევრ ქვეყანაში ვატარებთ. ასე რომ, ეს ჩვენს პრაქტიკაში გამონაკლისია“, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ მედიასთან საუბრისას.

26-29 მაისს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება. თბილისში დაგეგმილი დღის წესრიგი სხვადასხვა დისკუსიას მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი