ახალი ამბები

უსუფაშვილი: ნორმალურ ვითარებაში მერაბიშვილი შესაძლოა კარგი მერის მოადგილე ყოფილიყო

23 თებერვალი, 2013 • • 1143
უსუფაშვილი: ნორმალურ ვითარებაში  მერაბიშვილი შესაძლოა კარგი მერის მოადგილე ყოფილიყო

“მერაბიშვილს რომ მივულოცო მერის მოადგილეობა, მე მგონი, არ იქნება სწორი, მეტად საპასუხისმგებლო საქმეები ებარა მას და ის საქმეები სწორად და კარგად რომ წარემართა, თუ ეცლიათ მისთვის საქმეების სწორად და კარგად კეთება, მე უკვე აღარ ვიცი, შესაძლოა, ეს მისთვისაც უკეთესი ყოფილიყო და ქვეყნისთვისაც. ახლა ახალ პოსტზე ვერაფერს ვერ ვუსურვებ გარდა იმისა, რომ  კარგად გაიზაროს ყველამ, რომ პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური კონკურენცია, ეს არის ერთი საქმე, კანონი არის მეორე საქმე. კანონის დარღვევა არ ეპატიება არავის, არც ოპოზიციას, არც ხელისუფლების წარმომადგენელს” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, ნორმალურ ვითარებაში და მშვიდ ქვეყანაში შესაძლოა მერაბიშვილი კარგი მერის მოადგილე ყოფილიყო, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არ ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილის მერის მოადგილედ იმის გამო ნიშნავენ, რომ ხალხს უკეთესი სერვისი შეთავაზოს:

 

“ნორმალურ ვითარებაში, მშვიდ ქვეყანაში, შესაძლოა ვანო მერაბიშვილი კარგი მერის მოადგილე ყოფილიყო, მაგრამ, არა მგონია, მერის მოადგილედ იმიტომ ინიშნებოდეს, რომ უკეთესი სერვისი შესთავაზოს მოსახლეობას.  სამწუხაროდ, გრძელდება ის ჩვეული პროცესი, რაც ყოფილ ხელისუფლებაში იყო ხოლმე, მარიფათიანი, ყოჩაღი ბიჭებისთვის  რაღაცა უბნების მიმაგრება”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ გამოძიების მიერ წაყენებული ბრალდების საპასუხოდ თავის პირველ მოადგილედ დანიშნა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი სევდია უგრეხელიძე, ხოლო მოადგილეობა შესთავაზა ყოფილი პრემიერსა და შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს.

 

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება გიორგი უგულავას ბრალდების შესახებ, რის საფუძველზეც იგი დღეს, 23 თებერვალს, 2 საათზე დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი