საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლო მომავალში საგამოცდო ბარიერების გაზრდა არ იგეგმება და ამასთან დაკავშირებით სამინისტროში ოფიციალურად მსჯელობა ჯერ არ მიმდინარეობს.
როგორც სამინისტროში განმარტეს, მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მე-12 კლასელებისათვის სკოლის დამამთავრებელი გამოცდების მინიმალური საგამოცდო ზღვარი მომავალში გაიზრდება, სამინისტროში არ განიხილება. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხურის განცხადებით, მინისტრი თეორიულად მსჯელობდა სამომავლოდ საგამოცდო სისტემის გაუმჯობესების საკითხზე. მომავალი რამდენიმე წლის განმავლოაბში საგამოცდო ბარიერი არსებული სახით შენარჩუნდება.
“ამ ეტაპზე არაფერი იცვლება. სამომავლო პერსპექტივები, რა თქმა უნდა, არსებობს და შესაძლოა სამინისტრომ განიხილოს ეს საკითხიც, მაგრამ ახლა ცვლილების შესახებ მსჯელობა არ მიმდინარეობს,” – აცხადებენ სამინისტროში.
წელს სკოლის დამამთავრებელ გამოცდებში მე-12 კლასელების 15%-მა მათემატიკის გამოცდაში ბარიერი ვერ გადალახა, ასევე 15%-მა ვერ დაძლია ბარიერი უცხო ენებში.