ახალი ამბები

ჩიორა თაქთაქიშვილი: არ გამოირიცხება უგულავას განხილვა საპრეზიდენტო კანდიდატად

22 თებერვალი, 2013 • • 1541
ჩიორა თაქთაქიშვილი: არ გამოირიცხება უგულავას განხილვა საპრეზიდენტო კანდიდატად

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს პუტინის მეთოდებით უსწორდება:

 

“ეს არის ძალიან აშკარა შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსი ოლიგარქი ცდილობს სწორედ პუტინის მეთოდებით გაუსწორდეს თავის ოპონენტებს. გიგი უგულავა, გარდა იმისა, რომ არის ქალაქის არჩეული მერი, ის არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ოპონენტი “ქართული ოცნებისა, ის არის ლიდერი “ნაციონალური მოძრაობის”, არ გამოირიცხება მისი განხილვა საპრეზიდენტო კანდიდატად, შესაბამისად, მის მიმართ რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედების დაწყება, ეს მიუთითებს “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის შიშზე, რომ მას ეშინია თავისი პოლიტიკური ოპონენტების”. 

 

უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, პავლე კუბლაშვილის თქმით, გიგი უგულავას აბსურდული ბრალდება წაუყენეს:

 

“ეს ადამიანები ვერ ეგუებიან განსხვავებულ აზრს. დარწმუნებული ვარ, რომ ამის შედეგებს ხელისუფლება მალე მოიმკის”.

 

მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ოპოზიცია საბოლოოდ გაანადგუროს. მისივე მტკიცებით, უგულავასთვის ბრალის წაყენება 19 აპრილის აქციას უკავშირდება:

 

“ეს არის ზეწოლა ოპოზიციაზე და მცდელობა ოპოზიციის განადგურების. როგორც ჩანს, ეს არის გაგრძელება იმის, რასაც ჰქვია  საკონსტუტიციო საკითხთან დაკავშირებით ზეწოლა, იგივე 19 აპრილთან დაკავშირებით განცხადების შემდეგ ხდება. მინდა ამას ყურადღება მიაქციოთ და შეუძლებელია უმცირესობა იყოს ახლა აქ, პარლამენტში და არ გაარკვიოს, რეალურად რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე.”

 

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება გიორგი უგულავას ბრალდების შესახებ, რის საფუძველზეც იგი 23 თებერვალს, 2 საათზე დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი