ახალი ამბები

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დაკითხვაზეა

22 თებერვალი, 2013 • 1152
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დაკითხვაზეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში მოწმის სახით დასაკითხად თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია დაიბარეს, რომელიც უკვე მივიდა საგამოძიებო უწყებაში.

 

მისი განცხადებით, დაიბარეს მოქალაქე გელა ბარკალაიას საჩივრის საფუძველზე. ბარკალაია არის კომპანია “მათე მოტორსის” 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც საჩივარში მიუთითებს, რომ ქონების მართვის სააგენტომ მას უკანონოდ ჩამოართვა მიწის ნაკვეთი.

 

დავით ჭედია
დავით ჭედია

“რეალურად მფლობელს მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული 1600 კვ.მეტრი მიწის ფართობი ადგილმონაცვლეობის პრონციპით  გადაეცვალა დავით აღმაშენებლის ხეივანში 8000 კვ.მეტრ მიწაზე, რაზეც მან  თანხმობა განაცხადა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოსალონი ააშენა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

 

საქმე ეხება მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის  ქუჩის  დამაკავშირებელი  ე.წ. დაკიდული  ხიდის აშენების პროექტს. აღნიშნული პროექტის გაუქმების შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 18 თებერვალს განაცხადა. ფონდში განმარტეს, რომ შესაბამისი კვლევების  ჩატარების საფუძველზე დაადგინეს, რომ თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის  ქუჩის  დამაკავშირებელი  ე.წ. დაკიდული  ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული  საცობის  მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება, რის გამოც, ფონდის გადაწყვეტილებით, ეს ხიდი აღარ აიგება. პროექტის საერთო ბიუჯეტი იყო 80 მილიონი ლარი. მგფ-ში ასევე განაცხადეს, რომ ხიდის აგებას აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

 

მგფ-ს ამ განცხადებას გამოეხმაურა თბილისის მერია, მერიამ  ფონდს მოუწოდა, კიდევ ერთხელ გადახედოს მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტს და შესთავაზა ხიდის საჭიროების საკითხები მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი