დაკითხვაზე თბილისის საკრებულოს კიდევ ორი წევრი დაიბარეს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალების” წევრები, გელა ომანიძე და ხვიჩა სანაია დღეს საგამოძიებო უწყებებში დაკითხვაზე არ მივლენ. ამის მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ყოველი თვის ბოლო პარასკევს თბილისის საკრებულოს სხდომები იმართება და დეპუტატებმა მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

ახვლედიანის განცხადებით, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში დაკითხვაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს, თუმცა უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით აქვს გამოძიებას მასთან შეკითხვები, ისევე როგორც ის, თუ რა საქმეზე უნდა დაკითხონ გელა ომანიაძე მოწმის სტატუსით პროკურატურაში. სანაია საკრებულოს დეპუტატობამდე იყო ისანი-სამგორის გამგებელი (2008-09 წლები), ასევე, “თბილისის კორპუსის” საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. ხოლო რაც შეეხება გელა ომანიძეს, ის გახლდათ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის უფროსი.

დღეს საქართველოს მთავარ პროკურორსა და ფინანსთა მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა:

 

“უკანასკნელი თვეების განმავლობაში სისტემატიური სახე მიიღო თქვენი საგამოძიებო უწყების მხრიდან თბილისის საკრებულოს წევრების მოწმის სტატუსით დაბარებამ. საგულისხმობა, რომ დაბარება ხდება სწორედ საკრებულოს სხდომების დროს. გაცნობებთ, რომ თბილისის საკრებულოს სხდომები იმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს და საკრებულოს წევრების უპირველესი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ მონაწილეობა მიიღონ სხდომაში, რათა ეფექტურად და პოზიტიურად გადაწყდეს თბილისისა და თბილისელების წინაშე არსებული პრობლემური საკითხები.

 

გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ მოწმის სტატუსით დაბარებულ პირს, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, აქვს უფლება უწყებაში გამოცხადდეს სხვა დროს. გთხოვთ, გამოიჩინოთ პატივისცემა თბილისელების მიერ არჩეული საკრებულოს მიმართ და ხელი არ შეუშალოთ მის საქმიანობას”, – ნათქვამია წერილში.

 

მამუკა ახვლედიანის თქმით, საგამოძიებო უწყებებში დღეს გელა ომანიძისა და ხვიჩა სანაიას დაბარება არის კიდევ ერთი მცდელობა, დააშინონ დეპუტატები და ზეწოლა მოახდინონ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებზე.

 

თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს წევრი სევდია უგრელეხელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ისიც იყო დაბარებული დაკითხვაზე:

 

“დაბარება ხდება არა ოფიციალური უწყების საფუძველზე, არამედ ოჯახის წევრებს ურეკავენ ტელეფონზე და აფრთხილებენ და ეს არის უკანონობა”, – განაცხადა უგრეხელიძემ.

 

საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ დეპუტატების დაბარებით ცდილობენ იმას, რომ თბილისის საკრებულოში “ნაციონალებს” აღარ ჰქონდეთ უმრავლესობა.

 

თბილისის საკრებულოში ამ დროისთვის 47 დეპუტატია (2010 წლის არჩევნების შედეგად არჩეული იქნა 50 წევრი, თუმცა მოგვიანებით სამმა მაჟორიტარმა დატოვა საკრებულო) და აქედან “ნაციონალების” ფრაქციას ჰყავს 28 წევრი. საქართველოში სამთავრობო ცვლილებების შედეგად, აღნიშნული ფრაქცია დატოვა 8 დეპუტატმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge