ახალი ამბები

კომპენსაცია ოკუპაციისთვის – სარგებელი და საფრთხეები

21 თებერვალი, 2013 • • 1213
კომპენსაცია ოკუპაციისთვის – სარგებელი და საფრთხეები

აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა შოთა მალაშხიამ  21 თებერვალს პარლამენტში, ერთ–ერთი კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერად გააცნო დეპუტატებს.

 

„ეს ზარალი საკამოდ დიდია. მხოლოდ 6 წლის განმავლობაში აფხაზეთთან უკვე დათვლილია ეს ზარალი შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში და ეს არის 10.5 მილიარდი. ამ ეტაპზე ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს იქნება 40 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში. ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხის დაყენება სამთავრობო დონეზე“, – განუცხადა შოთა მალაშხიამ „ნეტგაზეთს“. მისივე თქმით, უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა მიმართულებით რა ზარალი მიიღო ქვეყანამ, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო სექტორში.

 

„ზარალის დათვლის მერე ეს დავა უნდა გადავიტანოთ საერთაშორისო სასამართლოებში იურიდიული ფირმების მონაწილეობით. ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკური მიმართულებებით ვიდავოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამგვარ რამეს აკეთებენ ბალტიისპირებელები, მოლდაველები, რუმინელები, ოღონდ მათი პერსპექტივა უფრო ნაკლებია, მაგალითად, ისინი ითხოვენ გატანილი ოქროს დაბრუნებას, მსგავსი პრეტენზიები იყო ავღანეთის ხელისუფლების მიერ საბჭოთა ოკუპაციის გამოც. ჩვენ უფრო მეტი პერsპექტივა გვაქვს, მეტი მასალა და მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს“, – მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შოთა მალაშხია. მისივე თქმით,  დაზარალებულისთვის კომპენსაციის მიცემის პრეცედენტი არსებობს აგრესორი ქვეყნის მიერ. დეპუტატი ამის საილუსტრაციოდ იხსენებს გერმანიის მიერ ჰოლოკოსტის აღიარებასა და ებრაელებისთვის წლების განმავლობაში კომპენსაციის გადახდას.

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე შოთა მალაშხიას ინიციატივაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ დეტალურ შეფასებას ინიციატივის დოკუმენტურად ნახვის შემდეგ გააკეთებს.

 

„თუ შეიქმნება ამგვარი კომისია და შეთანხმდებიან ამაზე მხარეები, ამას მომავალი დაგვანახებს. წავიკითხავ, ვნახავ და თუ მომეწონება, რატომაც არა. თუ ვინმე მოგვცემს ამ კომპენსაციას, რატომაც არა, საუბარია 40 მილიარდ აშშ დოლარზე“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ თედო ჯაფარიძემ.

 

კითხვაზე, ამან რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, თედო ჯაფარიძე პასუხობს:  „არ ვიცი, ალბათ ბატონმა მალაშხიამ გათვალა, ვინაიდან სანამ დაებადება რაღაც მოსაზრება ან იდეა, მას გათვლილი აქვს, რა მოგება ან წაგება შეიძლება მოყვეს ამ ინიციატივას ჩვენი ქვეყნისთვის. უნდა დაველოდოთ, მოვისმინოთ რუსეთის რეაქცია მალაშხიას ამ წინადადებასთან დაკავშირებით“.

 

„ნეტგაზეთმა“ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ოკუპაციის შედეგად მიღებული ზიანის კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს.

 

„ეს ძალიან სპეციფიკური საკითხია, რომელიც ალბათ სამართლებრივ დონეზე უნდა იყოს განხილული და პლუს კიდევ კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც ამ ზარალს შეისწავლის. ვერ გეტყვით, რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება და არსებობს თუ არა ამის მექანიზმები“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ მაია ფანჯიკიძემ.

 

საპარლამენტო უმცირესობის  წევრის აღნიშნული იდეა არასერიოზული მიაჩნია უმრავლესობის წევრ ლევან ბერძენიშვილს. ის “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, შოთა მალაშხიას ინიციატივას განიხილავს როგორც კონტრპროდუქტიულს, არაგონივრულს და გარკვეული გაგებით არაპატრიოტულსაც.

 

“თვითონ მალაშხიას პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება, თუმცა, ეს ძალიან ჰგავს საქმის დამთავრებას, თითქოს ჩავაბარეთ რუსეთს ტერიტორია და ახლა ვითხოვთ კომპენსაციას. თუ ასეთი კარგი რამე იცოდა, როცა თვითონ იყო შესაბამისი კომისიის ხელმღვანელი და ხუთი წლის შემდეგ რომ გაახსენდა ზარალი რომ ვნახეთ, ხუთი წელი რას აკეთებდა?  მე ვფიქრობ, რომ უმცირესობაში იდეები შემოაკლდათ”, – განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა “ნეტგაზეთს. დეპუტატის თქმით, დეოკუპაციამდე კომპენსაციის მოთხოვნა მისთვის გაუგებარია, ხოლო საქართველო დეოკუპაციას რომ მიაღწევს, სწორედ მაშინ უნდა მოითხოვოს კომპენსაცია რუსეთისგან. 

  

“ეს არარეალისტური და კონტრპროდუქტიულია, აბსოლუტურად არაფერს არ მოგვცემს, მალაშხიას უბრალოდ უნდა, რომ გამოჩნდეს, „ნაცმოძრაობა“ არის პატრიოტი, მართალია 5 წელი არ ახსოვდა, მაგრამ ახლანდელ უმრავლესობაში არიან “რუსეთუმეები” და არ გვინდა, რომ პუტინმა ფული გადაგვიხადოს”, – ასე ხედავს ლევან ბერძენიშვილი ოპონენტის ინიციატივის მიზანს. 

 

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი  მიიჩნევს, რომ შოთა მალაშხიას ინიციატივა რუსეთისთვის კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოუმზადებელია, გარდა ამისა,  ის სარისკოა საქართველოსთვის.

 

გოგოლაშვილს ეჭვი ეპარება, რომ ამან რაიმე სარგებელი მოუტანოს ქვეყანას იმიტომ, რომ ამის გარშემო არანაირი პოლიტიკური პროცესი არ ყოფილა, საზოგადოებაში არანაირი დისკუსია არ გამართულა. მისი მოსაზრებით, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას რაღაც პრეტენზიებს უყენებ, ჯერ საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს ჩამოყალიბებული ამ საკითხზე, ამაზე უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი მოთხოვნა.

 

„პარლამენტში ძალიან ბევრი ინიციატივა შედის რაღაც ჯგუფის პირადი მოთხოვნისა და მოსაზრებების გამო. შეიძლება, ქვეყანაზე ფიქრობენ ისინი, მაგრამ ამისთვის ჯერ საზოგადოება უნდა შეამზადო იმიტომ, რომ ამის გამო შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობები გაფუჭდეს და დაიძაბოს, შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკებები და კიდევ რაღაც პროვოკაციები დაიწყოს რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საჭიროა არსებობდეს საზოგადოებრივი კონსესუსი, რომ საზოგადოება მზად არის, ეს პრიორიტეტად აღიაროს და მიუხედავად ყველა ზეწოლისა რუსეთის მხრიდან, თავისი სიმართლე ეძებოს ამ ფორმით. ხომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საზოგადოებას არ უნდა ეს? ძალიან ბევრი საუბარი გვესმის საზოგადოებაში, რომ რად გვინდოდა რუსეთთან ასე საუბარი, ასე ურთიერთობის გაფუჭება? საზოგადოების ნაწილს არ მოსწონდა წინა ხელისუფლების რიტორიკა რუსეთთან ურთიერთობისას, რუსეთს რატომ ელაპარაკებიან ეგრე, ხომ ვიცით, რომ ამით არაფერი არ გამოვაო“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ კახა გოგოლაშვილმა.

 

გოგოლაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო დავის დაწყების შემთხვევაში არსებობს ნაკლები შანსი, რომ რუსეთს დააკისრონ კომპენსაცია საქართველოს სასარგებლოდ და დაკისრების შემთხვევაშიც კი ნაკლებად მოსალოდნელია ეს რუსეთმა გდაიხადოს.

 

„ეს იქნება ძალიან რთული დავა, რომლითაც ჩვენ პოლიტიკურად უფრო მეტს წავაგებთ, ვიდრე მოვიგებთ იურიდიულად“,  – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.

 

იურისტი ლია მუხაშავრია „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ ძალიან გვიანია 1990–იანი წლების აფხაზეთში ომის დროს საქართველოსთვის მიყენებული ზიანის დათვლა, რადგან ძალიან  დიდი დროა გასული და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მას საერთაშორისო სასამართლოები არც განიხილავენ.

 

„ამჟამად რომ გამოძიება მიმდინარეობს ჰააგის ტრიბუნალში აგვისტოს ომზე, იქ მოუწევს საქართველოს ამ საკითხის დაყენება. რაც მთავარია, ეს ზარალი უნდა დათვლილიყო აქამდე“, – განუცხადა ლია მუხაშავრიამ „ნეტგაზეთს“.

 

იურისტის განცხადებით, საქართველომ რუსეთს 2008 წლის ოკუპაციის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურებაც უნდა მოთხოვოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც მიდის დავა საქართველოსა და რუსეთს შორის აგვისტოს ომთან, ასევე, საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან დეპორტაციასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი