ახალი ამბები

საყვარელიძე: დაუფიქრებელი განცხადებები სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს

20 თებერვალი, 2013 • • 1159
საყვარელიძე: დაუფიქრებელი განცხადებები სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით საყვარელიძემ  უმრავლესობას ზიზღის რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდა 20 თებერვლის პარლამენტის სხდომაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში  ის პოლიტიკური პროცესის კონტროლს მიღმა დარჩენაზე საუბრობს:

 

“ქვეყანაში არის მასიური ისტერია – ზიზღის თესვის ისტერია, რომელსაც, სამწუხაროდ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ნავთს ასხამს. ეს ნამდვილად არ მიგვიყვანს კარგ შედეგამდე. რას ველოდებით? სანამ ვინმე ჩვენი სახელით ან ჩვენ წინააღმდეგ ვიღაცას არ მოკლავს და შემდეგ ეს გაუკონტროლებელ პროცესებში გადაიზრდება? რას მივიღებთ ამისგან, არ მესმის. ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერავინ ვერავის გაატყავებს, მაგრამ ზიზღის თესვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება გაბრაზებულები, ნაწყენები, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახალი გამოსულნი არიან, საშიში სიგნალი იყოს.”

საყვარელიძის მტკიცებით,  დაუფიქრებელმა განცხადებებმა შეიძლება  სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს:

 

“კარგად გვახსოვს, რა გადაიტანა თბილისმა სწორედ დაუფიქრებელი განცხადებების შედეგად. ნებისმიერი რიტორიკა იმის შესახებ, რომ “თქვენ საზიზღები, მკვლელები, არაადამიანები ხართ, ბავშვებს ჭამდით და ხოცავდით”, არის, ფაქტობრივად, ნავთის დასხმა, რაც გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. დაუფიქრებელმა განცხადებებმა შეიძლება აქამდე მიგვიყვანოს. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა ჩვენს მომხრეს, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად მოიქცნენ ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ბევრ პროცესს ქუჩაში ვერ გავაკონტროლებთ.”

 

 პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები სხვადასხვა საკითხების გარდა ელჩების კანდიდატურების დამტკიცებასაც განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი