ახალი ამბები

წვევამდელებისათვის სამინისტრომ ზამთრის ქურთუკები დეკემბერში იყიდა და იანვრის ბოლოს გადასცა – აუდიტი

25 მაისი, 2017 •
წვევამდელებისათვის სამინისტრომ ზამთრის ქურთუკები დეკემბერში იყიდა და იანვრის ბოლოს გადასცა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2016 წელს ტენდერის გაჭიანურების გამო სამხედრო-სავალდებულო წესით სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი წვევამდელების ნაწილისთვის ზამთრის ქურთუკები მხოლოდ დეკემბრში იყიდეს და იანვრის ბოლოს გადასცეს. რა ეცვათ წვევამდელებს ზამთრის დღეებში?

[red_box]აუდიტის დასკვნა[/red_box]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის 24 აგვისტოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, წვევამდელთათვის უნიფორმებისა და მათ შორის ზამთრის ქურთუკების (1103 ცალი) შესყიდვის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, სავარაუდო ღირებულებით 1 500 000 ლარი.

გთავაზობთ ამონარიდს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტიდან, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას ეხება:

“ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, შემსყიდველს, ხელშეკრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, უფლება ჰქონდა ხელშეკრულება შეეწყვიტა ან/და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებინა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.

2016 წლის 9 სექტემბერს ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა დოკუმენტაციაში გათვალისწინებული სანქციები.

2016 წლის 26 სექტემბერს კი, დავების საბჭოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ჩანაწერი, ხოლო პირგასამტეხლოს მოცულობასთან დაკავშირებით სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია მისი 0.02%-მდე შემცირების შესახებ.

2016 წლის 27 სექტებერს სამინისტრომ ზემოაღნიშნული ტენდერი შეწყვიტა.

2016 წლის 7 ოქტომბერს, მთავრობის განკარგულების საფუძველზე სხვადასხვა დასახელების გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის შესყიდვის მიზნით, სამინისტრომ კვლავ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, რომელიც 2016 წლის 13 ოქტომბერს შეწყვიტა სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამო.

იმავე დღეს (2016 წლის 13 ოქტომბერი), გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის შესყიდვის მიზნით, კვლავ გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, სავარაუდო ღირებულებით 1,500 ათასი ლარი.  ამჯერად სატენდერო კომისიას ნაწილობრივ გათვალისწინებული ჰქონდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება. კერძოდ, ხელშეკრულების პროექტიდან ამოიღეს საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ჩანაწერი, თუმცა პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული (0.5%) მიდგომა უცვლელი დარჩა.  ტენდერში მონაწილეობა მიიღო 2-მა პრეტენდენტმა.

2016 წლის 25 ოქტომბერს, აღნიშნული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა კომპანიამ, რომელიც არ მონაწილეობდა ტენდერში.  კომპანიამ სხვადასხვა საკითხებთან ერთად გაასაჩივრა ხელშეკრულების პროექტის პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებული პუნქტი.  საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სამინისტროს კვლავ დაავალა ემსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციასთან დაკავშირებით. თუმცა 2016 წლის პირველ ნოემბერს,კომისიის წევრებმა იმსჯელეს საბჭოს გადაწყვეტილებაზე და არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.

6 დეკემბერს კი სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა შპს „მოდელების სახლი მატერია“ და 2016 წლის 12 დეკემბერს მასთან გააფორმა ხელშეკრულება ღირებულებით 1 500 ათასი ლარი.

შესყიდული საქონლის მოწოდება მოხდა 2016 წლის 29-30 დეკემბერს.  

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საშემოდგომო წვევამდელთა რაოდენობა 871-ს შეადგენდა. ტენდერის გაჭიანურების გამო ზამთრის ქურთუკებით წვევამდელთა დაკმაყოფილება მხოლოდ 2017 წლის იანვრის ბოლოს მოხდა, რადგან სამინისტროს მარაგებიდან 2016 წლის ბოლომდე გაიცა მხოლოდ 213 ქურთუკი.

აღსანიშნავია, რომ პირველად გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამინისტრომ შეწყვიტა, შპს „მოდელების სახლი მატერია“ ზემოაღნიშნულ სანივთე ქონებას სახელშეკრულებო ღირებულებასთან შედარებით 21 700  ლარით ნაკლებად სთავაზობდა (1 478 200 ათასი ლარი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასათანადო სატენდერო პირობებმა გამოიწვია სატენდერო პროცედურების გახანგრძლივება, რამაც თავის მხრივ წარმოქმნა საქონლის დეფიციტი, ხოლო საბოლოოდ შესყიდვა განხორციელდა თავდაპირველ ღირებულებაზე მაღალ ფასად”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

“ვინც საგუშაგოზე ადიოდა, ის იცვამდა”

ნეტგაზეთის ინფორმაციით, (განახლება: 14:35 – რომელიც ერთ-ერთმა წვევამდელმა მოგვაწოდა) წვევამდელების ნაწილი (სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში) ზამთრის ქურთუკებს (განახლება: 14:35 – ასევე დათბილულ შარვლებს) ერთმანეთს უცვლიდნენ, ანუ ზამთრის თბილ ტანსაცმელს ის წვევამდელი იცვამდა, რომელიც საგუშაგო კოშკზე ადიოდა.

ნეტგაზეთმა 2 დღის წინ ასევე შეკითხვით მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს, სადაც დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად გვიპასუხებენ. უწყებიდან განმარტების მიღებისთანავე პასუხი გამოქვეყნდება.

განახლება: 19:30 – სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს აუდიტის სამსახურის ასევე ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ნეტგაზეთს “მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში” ადანაშაულებს.

გარდა სასჯელაღსრულების სისტემისა, წვევამდელები სამხედრო-სავალდებულო სამსახურს ასევე გადიან შსს-ში, უსაფრთხოების სამსახურსა და თავდაცვის სმაინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი