სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო წესით სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი წვევამდელების ნაწილისთვის უნიფორმებით, მათ შორის, ზამთრის ქურთუკებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ამ საკითხზე სტატია ნეტგაზემთა მოამზადა.
“სამხედრო მოსამსახურეების ქურთუკებით უზრუნველყოფის საკითხში არანაირ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია და არც დეფიციტი შექმნილა.
არსებული მარაგებიდან 2016 წლის ბოლომდე 291 ერთეული ქურთუკი გაიცა, რაც იმ ეტაპის მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებდა. ახალი ფორმების მოწოდება კი, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განხორციელდა ეტაპობრივად, 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. გაცემა კი 2017 წლის 18 იანვარიდან ახალი მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.
წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მომწოდებლების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო უნიფორმების ხარისხსა და მოწოდების ვადებთან დაკავშირებით არაერთხელ შეიქმნა პრობლემა. უნიფორმის შესყიდვასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმადე დაყვანისა და სახელმწიფო სახსრების რაციონალურად განკარგვის მიზნით, სახელშეკრულებო პირობები გამკაცრდა, კონკრეტულად, დაწესდა შესაბამისი ჯარიმები უხარისხო პროდუქციის წარმოდგენისა და მოწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში.
რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მითითებული პირველი ტენდერის შეწყვეტის საკითხს, ამის საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობასა და ჯარიმის მოცულობის თაობაზე ერთ-ერთი კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში შეტანილი საჩივარი გახდა. სამინისტროს ტენდერის შეწყვეტა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობის შეცვლა დაევალა. ასევე, ჯარიმის მოცულობის შემცირების რეკომენდაცია მიეცა. რიგი მიზეზების გამო ჯარიმის შემცირების საკითხი სამინისტროს მიერ გაზიარებული არ იქნა. აღსანიშნავია, რომ პირველ ჯერზე გამოცხადებული შესყიდვის პროცედურა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით, პრეტენდენტის შემოთავაზების განხილვამდე შეწყდა. აქედან გამომდინარე, უცნობია, რამდენად აკმაყოფილებდა წარმოდგენილი წინადადება სამინისტროს მიერ დადგენილ ტექნიკურ პირობებს და რამდენად რეალური იყო პირველადი შემოთავაზების საფუძველზე უნიფორმის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება. შესაბამისად, სამინისტროს მიერ უნიფორმის შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ღირებულების გაძვირებასა და არასათანადო სატენდერო პირობებს ადგილი არ ჰქონია, როგორც ეს აუდიტის დასკვნაშია მითითებული.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კონტრაქტორმა კომპანიამ დათქმულ ვადებში შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და საჯარიმო სანქციების ამოქმედების საჭიროება არ დამდგარა. სწორედ ამ მიზნით იქნა პირობების გამკაცრების გადაწყვეტილება მიღებული.
ამასთან, სამინისტრო აღნიშნავს, რომ „ნეტგაზეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს წვევამდელებს დეფიციტის გამო ზამთრის ფორმების მორიგეობით ჩაცმა უწევდათ, სრული სიცრუეა და უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო ამ განცხადებით პასუხობს ნეტგაზეთის სტატიას “წვევამდელებისათვის სამინისტრომ ზამთრის ქურთუკები დეკემბერში იყიდა და იანვრის ბოლოს გადასცა – აუდიტი”.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2016 წელს ტენდერის გაჭიანურების გამო სამხედრო-სავალდებულო წესით სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი წვევამდელების ნაწილისთვის ზამთრის ქურთუკები მხოლოდ დეკემბრში იყიდეს და იანვრის ბოლოს გადასცეს. რა ეცვათ წვევამდელებს ზამთრის დღეებში?
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის 24 აგვისტოსსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, წვევამდელთათვის უნიფორმებისა და მათ შორის ზამთრის ქურთუკების (1103 ცალი) შესყიდვის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, სავარაუდო ღირებულებით 1 500 000 ლარი.
ამონარიდი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტიდან, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას ეხება:
“ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, შემსყიდველს, ხელშეკრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, უფლება ჰქონდა ხელშეკრულება შეეწყვიტა ან/და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებინა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.
2016 წლის 9 სექტემბერს ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა დოკუმენტაციაში გათვალისწინებული სანქციები.
2016 წლის 26 სექტემბერს კი, დავების საბჭოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ჩანაწერი, ხოლო პირგასამტეხლოს მოცულობასთან დაკავშირებით სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია მისი 0.02%-მდე შემცირების შესახებ.
2016 წლის 27 სექტებერს სამინისტრომ ზემოაღნიშნული ტენდერი შეწყვიტა.
2016 წლის 7 ოქტომბერს, მთავრობის განკარგულების საფუძველზე სხვადასხვა დასახელების გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის შესყიდვის მიზნით, სამინისტრომ კვლავ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, რომელიც 2016 წლის 13 ოქტომბერს შეწყვიტა სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამო.
იმავე დღეს (2016 წლის 13 ოქტომბერი), გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის შესყიდვის მიზნით, კვლავ გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, სავარაუდო ღირებულებით 1,500 ათასი ლარი. ამჯერად სატენდერო კომისიას ნაწილობრივ გათვალისწინებული ჰქონდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება. კერძოდ, ხელშეკრულების პროექტიდან ამოიღეს საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ჩანაწერი, თუმცა პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული (0.5%) მიდგომა უცვლელი დარჩა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 2-მა პრეტენდენტმა.
2016 წლის 25 ოქტომბერს, აღნიშნული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა კომპანიამ, რომელიც არ მონაწილეობდა ტენდერში. კომპანიამ სხვადასხვა საკითხებთან ერთად გაასაჩივრა ხელშეკრულების პროექტის პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებული პუნქტი. საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სამინისტროს კვლავ დაავალა ემსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციასთან დაკავშირებით. თუმცა 2016 წლის პირველ ნოემბერს,კომისიის წევრებმა იმსჯელეს საბჭოს გადაწყვეტილებაზე და არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
6 დეკემბერს კი სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა შპს „მოდელების სახლი მატერია“ და 2016 წლის 12 დეკემბერს მასთან გააფორმა ხელშეკრულება ღირებულებით 1 500 ათასი ლარი.
შესყიდული საქონლის მოწოდება მოხდა 2016 წლის 29-30 დეკემბერს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საშემოდგომო წვევამდელთა რაოდენობა 871-ს შეადგენდა. ტენდერის გაჭიანურების გამო ზამთრის ქურთუკებით წვევამდელთა დაკმაყოფილება მხოლოდ 2017 წლის იანვრის ბოლოს მოხდა, რადგან სამინისტროს მარაგებიდან 2016 წლის ბოლომდე გაიცა მხოლოდ 213 ქურთუკი.
აღსანიშნავია, რომ პირველად გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამინისტრომ შეწყვიტა, შპს „მოდელების სახლი მატერია“ ზემოაღნიშნულ სანივთე ქონებას სახელშეკრულებო ღირებულებასთან შედარებით 21 700 ლარით ნაკლებად სთავაზობდა (1 478 200 ათასი ლარი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასათანადო სატენდერო პირობებმა გამოიწვია სატენდერო პროცედურების გახანგრძლივება, რამაც თავის მხრივ წარმოქმნა საქონლის დეფიციტი, ხოლო საბოლოოდ შესყიდვა განხორციელდა თავდაპირველ ღირებულებაზე მაღალ ფასად”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ( რომელიც ერთ-ერთმა წვევამდელმა მოგვაწოდა) წვევამდელების ნაწილი (სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში) ზამთრის ქურთუკებს (ასევე დათბილულ შარვლებს) ერთმანეთს უცვლიდნენ, ანუ ზამთრის თბილ ტანსაცმელს ის წვევამდელი იცვამდა, რომელიც საგუშაგო კოშკზე ადიოდა.