დღეს, 24 მაისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა პრესკონფერენცია გამართა.
“ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გააგრძელოს რეფორმები, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლისა და უმცირესობების დაცვის სფეროებში. ჩვენ ვხედავთ პროგრესს, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი,”- განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
პრესკონფერენციაზე იგი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებების მიმდინარე პროცესსაც:
“განვიხილეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ძალიან დიდ ცვლილებებს მოიტანს ქვეყანაში, მათ შორის საარჩევნო სისტემასაც შეცვლის. ვიცით, რომ არც ერთი სისტემა არ არის იდეალური, აქედან გამომდინარე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ინტენსიურ კონსულტაციებს იღებენ ვენეციის კომისიისგან ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფართო კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, რათა ამ ძირეულ რეფორმებს ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს. ჩვენს შეხვედრებზე მე ვურჩიე საქართველოს მთავრობას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რადგან ისინი არიან ექსპერტები ამ სფეროში,”-განაცხადა მან.
მისი თქმით, რეფორმების პროცესში საქართველო მოწინავე ქვეყანაა:
“საქართველო არის მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანაში განხორციელდა, შთამბეჭდავია და მოუთმენლად ველით მუშაობის გაგრძელებას ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმართულებით,”-განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.