ახალი ამბები

კანდელაკი ფანჯიკიძეს და ღარიბაშვილს მისი პირადი მეილების უკანონოდ კითხვაში სდებს ბრალს

19 თებერვალი, 2013 • • 974
კანდელაკი ფანჯიკიძეს და ღარიბაშვილს მისი პირადი მეილების უკანონოდ კითხვაში სდებს ბრალს

“თქვენ და შინაგან საქმეთა მინისტრს მინდა პირადად დაგდოთ ბრალი ჩემი მეილების უკანონოდ კითხვაში. რამდენჯერმე სპეციალისტებთან ერთად აღვკვეთე ჩემს კომპიუტერში შემოღწევის უკანონო მცდელობა. დავიჭირე ვირუსი, რომელიც იპარავს ინფორმაციას, მინდა თქვენ დაგდოთ ბრალი ამაში”.  

 

აღნიშნული საუბარი მაია ფანჯიკიძის მიერ ევროატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლების მიერ საქართველოს კრიტიკის კომენტირებას მოჰყვა:

 

“ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ მათ არ აქვთ ყველაფერზე ამომწურავი ინფორმაცია. ძალიან ხშირად მათი ინფორმაცია არის ზედაპირული და ძალიან ხშირად მათი დასკვნები, კონკრეტული შეფასებები მაქვს მხედველობაში, ეფუძნება სწორედ ტენდეციურ ინფორმაციას. ერთი ეს არის და მეორე, არსებობს აბსოლუტურად არათუ ეჭვი, არამედ მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია მიდის ოპოზიციის მხრიდან საზღვარგარეთ. ეს აღარ არის უკვე პარტიული ბრძოლა, ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვა. მე ვიცი წყაროები, ბატონი გიორგი, რომელიც ახლა არ მისმენს, ათასობით მეილს აგზავნის ყოველდღე.”

 

ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობამ მოითხოვა, ფანჯიკიძეს განემარტა, თუ საიდან აქვს კანდელაკის იმეილები, რაზეც მან განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორები ასლებს აძლევენ:

 

“თქვენ საკუთარი გამოცდილებიდან ლაპარაკობთ, როდესაც აბსოლუტურად ყველა კომპიუტერი თქვენს ხელში იყო და ყველას მეილს კითხულობდით. ჩვენ ეგ არ გვჭირდება. ჩვენც გვყავს ჩვენი პარტნიორები, რომლებიც სწორედ იმას გვიგზავნიან, რასაც თქვენ აგზავნით იქ. ეს მართლა მაინტერესებს, რას ემსახურება.”

 

“მე ვარ აბსოლუტურად  შოკირებული იმასთან დაკავშირეიბთ, რომ ჩემი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის რიტორიკა ერთი-ერთზე ემთხვევა ბრეჟნევის რიტორიკას, რომელიც თავის დროზე ამბობდა, რომ მთელი დასავლეთი არის გაბრიყვებული და ვერ ხვდება, რა ბედნიერებაში და სამოთხეში ცხოვრობენ საბჭოთა მუშები და მშრომელები. სამწუხაროდ, მე თქვენგან ვერ მოვისმინე ვერანაირი კონკრეტიკა, ვერანაირი გეგმა, თუ რის გაკეთებას, რის მიღწევას აპირებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ნატოსთან მიმართებაში. კითხვას არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებთ, პასუხი არ გაეცით და ამის მაგივრად თქვენ აგრძელებთ დასავლეთის  შეცდომაში შეყვანაზე ლაპარაკს და ამატებთ ჩემს მეილებს. მე ვარ  შოკირებული და თქვენს მაგივრად მრცხვენია,” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი