კანის რიგით 70-ე კინოფესტივალი 17 მაისს არნო დესპლეჩინის ფილმით “ისმაელის მოჩვენება” გაიხსნა და 28 მაისამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ფილმის პრემიერა და ათობით ჩვენებაა დაგეგმილი. ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე კი წლის საუკეთესო ფილმს, რეჟისორს დააჯილდოებენ და ფესტივალის გრანპრის მფლობელსაც გამოავლენენ.
19 მაისს, ფესტივალის მესამე დღეს, ნეტფლიქსის ახალი ფილმის “ოკია” პრემიერა გაიმართა. გარდა იმისა, რომ საპრემიერო ჩვენება ტექნიკური ხარვეზების გამო შეფერხდა და მაყურებლის შეძახილების ფონზე გაგრძელდა, ფილმის ფესტივალზე გამოჩენას თავიდანვე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თავად ჟიურის წლევანდელი თავმჯდომარის, პედრო ალმადოვარის მხრიდანაც კი. საქმე ის არის, რომ “ნეტფლიქსი” ფილმის პრემიერას დიდ ეკრანზე წელს არ გეგმავს და მის გაშვებას ონლაინ პლატფორმაზე აპირებს, რაც ალმადოვარის თქმით, საკონკურსო ფილმისათვის პრობლემურია. “ოკიაში” მთავარ როლებს მსახიობები ტილდა სვინტონი და ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებენ. ფილმს სამხრეთ კორეელი რეჟისორი ჰყავს – ეს ბონგ ჯონ ჰოს პირველი ნამუშევარია კანის კიოფესტივალზე. “ჰოლივუდ რეპორტერთან” საუბარში ის ამბობს, რომ კანში პრიზის მისაღებად არ ჩასულა და მისთვის დიდი პატივია, მაღალი დონის კინოფესტივალზე წარადგინოს ფილმი.
წელს ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში ასევე წარდგენილია უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმი “იუპიტერის თანამგზავრი”, რომელშიც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც თამაშობს.
კანის კინოფესტივალი ოფიციალურად 1946 წელს დაარსდა. წელს საიუბილეო, 70-ე ფესტივალს ატარებს. ნეტგაზეთი გთავაზობთ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ფესტივალის მთავარი პოსტერების, ჟიურისა და რჩეული ფილმების შესახებ შექმნილ “თაიმლაინს”: