სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც ბოლო დღეებში ამ ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენების თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ. თანამშრომლების განცხადებით, ისინი სრულ თანადგომას უცხადებენ გენერალურ აუდიტორს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლად და მაღალპროფესიონალურად განხორციელებაში და სახელმწიფო სტრუქტურებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რათა დამოუკიდებლად და პროფესიონალურად შეასრულონ საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობები:
“მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი და კვალიფიციური სახელმწიფო აუდიტის სამსახური დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ამ ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების ტოლფასია” – ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში
მათი თქმით, თანამშრომლებისთვის უაღრესად შეურაცხმყოფელია უკანასკნელ დღეებში გამოთქმული ბრალდებები აუდიტორული საქმიანობის მიკერძოებულობის შესახებ:
“გვსურს ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ მიერ მომზადებული თითოეული აუდიტის ანგარიში ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს. იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებს არ გაუჩნდეთ პროფესიულ საქმიანობაში დაუცველობის განცდა, მივმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, მხარი დაგვიჭირონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიების სათანადო დონეზე უზრუნველყოფაში. ამ განცხადებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს გვსურს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთსულოვნება, ვიყოთ ერთგული დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და წინ აღვუდგეთ ნებისმიერ ჩარევას ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში” – ვკითხულობთ განცხადებაში.
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებით, მასზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის თავდასხმა უკავშირდება აუდიტის სამსახურის საქმიანობას, რომელიც ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემას სწავლობს.