ახალი ამბები

გრიპის ვირუსით წელს სამი ადამიანი გარდაიცვალა

12 თებერვალი, 2013 • 1862
გრიპის ვირუსით წელს სამი ადამიანი გარდაიცვალა

გრიპის ნიშნებია მაღალი სიცხე, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ტკივილი გულ–მკერდის არეში, ბავშვების შემთხვევაში ღებინება ან ყლაპვის გაძნელება.

ჯანდაცვის სამინისტეროს ინფორმაციით გრიპის სეზონური მატება მომდევნო სამი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით მიმდინარე სეზონის განმავლობაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის: 5 – B ტიპის და 67– A H1N1 ტიპის ვირუსი. სამ შემთხვევაში პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად აღიარებულია გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინაცია, თუმცა გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში შესაძლოა ვირუსით ინფიცირების რისკი შემცირდეს.

ექიმების რეკომენდაციით აუცილებელია ხელების ხშირად, საპნით და გამდინარე წყლით დაბანა. ოთახის ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება.

გრიპის ნიშნების მქონე ადამიანები უმჯობესია დარჩნენ სახლში მანამდე, სანამ მათი სხეულის ტემპერატურა არ დარეგულირდება. იმ შემთხვევაში თუ დაავადება გართულდა და მაღალი ტემპერატურა სამ დღეზე მეტხანს შენარჩუნდა პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მისაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპით დაავადება ხშირ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს და სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, არის შემთხვევები როდესაც დაავადება რთულდება და შესაძლოა მძიმე შედეგამდე მივიდეს, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ყურადღებისკენ და სანიტარული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი