“გასაგებია ამ ადამიანის პოზიცია, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, მანაც და მეც ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დავადგინოთ, ვინ რისი თრობის ქვეშ შეიძლება ყოფილიყო პარასკევს. მე თუ საზოგადოებისთვის ცნობლი ალკოჰოლიკი ვარ, მე ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ მას ნარკოტიკებისკენ აქვს მიდრეკილება, ” – ასე გამოეხმაურა გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ყოფილი მთავარი პროკურორის ბრალდებას “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
“ელცენტროში” კოქტეილს ვსვამდი, მგონი ნახევარი ჭიქაც არ მქონდა დალეული. გოგონასთან ერთად მივდიოდი ბარისკენ და ათმა ადამიანმა მცემა გამეტებით. არსებობს კამერები, დაიდოს ჩანაწერები. პროკურატურას მოვუწოდებ, რომ ძალიან სწრაფად გააკეთოს ეს ყველაფერი,” – განაცხადა ფარცხალაძემ და აღნიშნა, რომ ის კონფლიქტის ინიციატორი არ ყოფილა.
თორდიას თქმით, 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მცირე ინციდენტი შეემთხვა და გამორიცხული არ არის, რომ იქ მომხდარის ამსახველი ვიდოემასალა გაავრცელონ:
“იქ სრულიად არაფერი მომხდარა, ერთი ჭიქაც არ გატეხილა. რამე რომ ყოფილიყო, პროკურატურა ნამდვილად არ შეიკავებდა თავს, რომ ეს ინფორმაცია გაესაჯაროებინა და ღონისძიებები გაეტარებინა. თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ვინმეს. ალბათ, ამ ფაქტზე საუბრობს და ალბათ ვიდეოებიც იყო იქ და ამასაც ატვირთავენ, თუმცა დამალავენ იმ ვიდეოს, რომელიც ”ელცენტროში” მომხდარს ასახავს. ”
ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს. მისივე განცხადებით, კონლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.