ახალი ამბებიტექნოლოგიები

“ამან შესაძლოა საკაბელო ოპერატორების მომსახურება გააძვიროს” – საკაბელოთა კავშირმა GNCC-ის მიმართა

12 მაისი, 2017 • 28367
“ამან შესაძლოა საკაბელო ოპერატორების მომსახურება გააძვიროს” – საკაბელოთა კავშირმა GNCC-ის მიმართა

საქართველოში ავტორიზებული საკაბელო ოპერატორები დღემდე თავის პაკეტებში ქართულ ტელევიზიებს ისე რთავდნენ, რომ ამისათვის მათ ფულს არ უხდიდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ახლა, შესაძლოა, შეიცვალოს, რაც საკაბელოების კავშირის თქმით, “სააბონენტო გადასახადს გააძვირებს”.

საქართველოს საკებლო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, თეონა ბერუაშვილის თქმით, საკაბელო ქსელებმა შპს GMR-ისაგან (ქართული მედიაუფლებები) მიიღეს წერილი, რომლითაც კომპანია მათ ატყობინებს, რომ ახლო მომავალში 6 ტელევიზიისაგან დაირეგისტრირებს ექსკლუზიურ უფლებას, რომლითაც შეეძლება მოახდინოს მათ მიერ წარმოებული კონტენტის კომერციული დისტრიბუცია საკაბელო ქსელებსა და ინტერნეტში. GMR საკაბელოებსა და ასევე ინტერნეტ -რესურსებს, მათ შორის Myvideo.ge-სა და Imovies.ge-ს ატყობინებს, რომ თუ მათ სურთ, თავიანთ პროგრამაში რუსთავი 2, იმედი, GDS, მაესტრო, კომედი არხი და მარაო იხილონ, კონტენტის დისტრიბუციის უფლების მოპოვებისათვის GMR-ს უნდა მიმართონ.

თეონა ბერუაშვილი ამბობს, რომ საკაბელო ქსელებისათვის მიუღებელია ტელეკომპანიებისათვის თანხის გადახდა. იგი რამდენიმე არგუმენტს ასახელებს:

  • საკაბელო ქსელები ტელევიზიებს ეხმარებიან მათი პროდუქციის და, შესაბამისად იმ რეკლამის გავრცელებაში, რომლითაც კერძო სამაუწყებლო კომპანიები არსებობენ.
  • მულტიპლექსის პლატფორმის მეშვეობით, თუ ის შესაბამის რესივერს შეიძენს, მაყურებელს ზემოხსენებული არხების ყურება უფასოდ ისედაც შეუძლია, შესაბამისად, საკაბელოებისათვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიხადონ ფული იმაში, რაც მულტიპლექსით უფასოა.

კომპანია GMR მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დარეგისტრირდა რეესტრში. მისი დირექტორი ზურაბ ნაყეურია, რომელიც ამავდროულად ტელეკომპანია მაესტროს ხელმძღვანელობს. ნაყეური ამბობს, რომ აქ საუბარია მიდგომაზე. “წერილში თანხა არსად არაა” ნახსენები.

“საკაბელოები მოსახლეობისაგან იღებენ ფულს, რომელიც ტელევიზიებამდე არ მიდის”, – ამბობს ზურაბ ნაყეური და დასძენს, რომ ტელევიზიებს აქვთ უფლება, თვითონაც ნახონ სარგებელი ამ პროცესიდან, რადგან საკაბელო ტელევიზიები “ფაქტობრივად, სწორედ ტელევიზიების მიერ წარმოებულ კონტენტს ჰყიდიან”. მისი თქმით, თუ უცხოურ არხებს უხდიან ფულს პროდუქციაში, “ქართულმა ტელევიზიებმა რა დააშავეს?!”

“რატომ არის ჩვენს ტელევიზიებში გაბატონებული ინდური, თურქული, რუსული სერიალები? იმიტომ, რომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ვიყიდოთ ძვირადღირებული სერიალები, ამ დროს ჩვენი კუთვნილი ფული გარეთ გაედინება”.

რაც შეეხება საკაბელო ტელევიზიების კავშირის არგუმენტებს, ნაყეური ამბობს, რომ საჭიროა გარკვეული დიფერენცირებული მიდგომა.

“ვინც რეკლამას უფასოდ ავრცელებს, იმაზე, რა თქმა უნდა, ბევრად ნაკლები იქნება, ვისაც გადახვევა/დაპაუზების ფუნქცია გააჩნია, იმას ჰქვია, რომ ავრცელებს რეკლამას, მაგრამ იქ რეკლამას არავინ უყურებს”, – ამბობს ნაყეური.

რაც შეეხება არგუმენტს, რომლის მიხედვითაც მულტიპლექსის პლატფორმით ამ არხების ყურება ისედაც უფასოა, ნაყეური ამბობს:

“მულტიპლექსი თანხას არ იღებს მოსახლეობისაგან, საკაბელოები იღებენ”.

რაც შეეხება იმას, სავარაუდოდ, რა თანხა შეიძლება ტელევიზიებმა საკაბელოებისაგან მოითხოვონ, ნაყეური ამბობს, რომ ეს შემდგომი მოლაპარაკებებისა და დისკუსიის საგანია. მისი თქმით, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ტელევიზიის ფასი საკაბელოსთვის თვეში ერთ აბონენტზე დაახლოებით 1-3 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ეს მსჯელობის საგანი იქნება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, ყველა იმ კომპანიას, რომლებიც მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებენ სხვადასხვა ტექნოლოგიით (IPTV, კოაქსიალური, რადიოსიხშირული, თანამგზავრული, ინტერნეტ-ტელევიზია) ჯამში, 478 ათსზე მეტი აბონენტი ჰყავთ.

საქართველოს კანონმდებლობაში 2012 წლიდან მოქმედებს Must carry-ის და Must offer-ის პრინციპი, რაც ნაციონალური მაუწყებლების კონტენტის სავალდებულო ტრანსლირებას ითვალისწინებს საკაბელო ქსელებში. საკაბელო ტელევიზიების კავშირმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა და ითხოვა შესწავლა, რამდენად არის თავსებადი საქართველოს კანონმდბელობასთან პრინციპი, რომლის მიხედვითაც საერთო მაუწყებლებმა ტრანსლაციისთვის საკაბელოებს ფული უნდა მოსთხოვონ. როგორც კომისიის პრესსპიკერმა ხატია ყურაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ისინი ამ საკითხს შეისწავლიან და პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებენ.

თეონა ბერუაშვილი ამბობს, რომ თუ საკაბელოებს ზემოხსენებული ტელევიზიებისთვის ფულის გადახდა მოუწევთ, ისინი იძულებული იქნებიან, რომ სააბონენტოს საფასურები გააძვირონ, რაც ქმნის საფრთხეს, რომ მომხმარებლები საერთოდ დაკარგონ, რადგან ეს არხები მულტიპლექსის პლატფორმით ისედაც უფასოა. ბერუაშვილის ინფორმაციით, საკაბელოები ერთობლივი მიმართვის შემუშავებსაც აპირებენ.

ზურაბ ნაყეური კი ამბობს, რომ მათ დისკუსიის გახსნა უნდა თემაზე, რომლის ირგვლივაც ტელევიზიებს სამართლიანი პრეტენზიები გააჩნიათ. იგი ფიქრობს, რომ ამ თემით დაინტერესებული ტელევიზიების რაოდენობაც გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი