სხდომის მიმდინარეობას ერთმანეთს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე და უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე დაუპირისპირდნენ. თევდორაძის თქმით, ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბაღების დაფინანსება ვერ მოხდება და მთავრობამ ამისთვის ტრანსფერი უნდა გამოყოს, რადგან ქუთაისმა ტრანსფერის თანხა 68 მილიონი ლარი პარლამენტის ასაშენებლად დახარჯა. აღნიშნულის საპირისპიროდ ტყემალაძემ განაცხადა, რომ სჯობდა ქუთაისს იმ 68 მილიონით ბაღებში არსებული პრობლემები მოეგვარებინა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუკი რაიმე ვალდებულება და ზოგადად სოციალური მდგომარეობა გაუუჯობესდება ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ როგორც კანონპროექტის ავტორმა, ქალბატონმა თინა ხიდაშელმა განმარტა, მას თბილისის ბაღებს იქეთ საქართველოს სსხვა რეგიონებში ბაღების მდგომაორეობის კუთხით არანაირი კვლევა არ ჩაუტარებია, მე უბრალოდ დავსვი კითხვა იმ დამატებით მილიონი ლარის ვალდებულებას და კიდევ დამატებით მილიონნახევარი ლარის ვალდებულებებს, რომელიც ქუთაისის ბიუჯეტს ამ კანონის მიღების პირობებში შეიძლება ჰქონდეს, ვინ დაფარავდა, მე ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი, ამიტომ ჩემი ანტაგონისტური დამოკიდებულება ამ კანონპროექტის მიმართ იქნა ამით გამოწვეული. ვიდრე არ იქნება გამორკვეული დაფინანსების საკითხი, ვიდრე ღრმად არ იქნება შესწავლილი აღნიშნული საკითხი, ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ უფასო სკოლამდელი დაწესებულებების მომსახურების ნაცვლად, ჩვენი მოსახლეობის შვილები, ჩვენი პატარები, რომლებიც ჩვენს ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, ფაქტობრივად, დაგვრჩეს ღია ცის ქვეშ,” – განაცხადა გია თევდორაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განმარტებით, თევდორაძის განცხადება დემაგოგიაა:
„საპარლამენტო უმცირესობა დაინტერესდა, რაში იხარჯებოდა ფული, რომელსაც მშობლები იხდიდნენ და ახლა რა გვეშველება და მე შევახსენე მათ ის, რომ საბავშვო ბაღების უდიდეს უმრავლესობაში დირექტორის მოადგილეებად საკუთარი პარტიის კოორდინატორები დანიშნეს. დაგეგმილი იყო, ამის ოფიციალური წერილი არსებობს უკვე, საბავშვო ბაღებში სამეურვეო საბჭოების შექმნა, რომელშიც უნდა შესულიყვნენ სამსახურის გარეშე დარჩენილი „ნაცმოძრაობის აქტივისტები“. ეს არის დემაგოგია, რაც ჩვენ მოვისმინეთ. ის ბავშვები ახლა არიან ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ ვერ იხდიან თანხას.“
რაც შეეხება ტრანსფერს, ხიდაშელის განმარტებით, სადაც ამის აუცილებლობა დადასტურდება, თანხა იმ რაიონებში გამოიყოფა:
„ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტრანსფერი გამოიყოფა იმ რაიონებისთვის, სადაც ეს დასაბუთდება, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს არ შეუძლია ამის აწევა.”