ახალი ამბები

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში გადაიდო [Video]

7 თებერვალი, 2013 •
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში გადაიდო [Video]

ამის თაობაზე დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სპიკერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

 

უსუფაშვილის თქმით, ამის მიზეზია პარლამენტში გუშინ გამართული პოლიტიკური დებატები საკონსტუტიციო ცვლილებებზე, რომლითაც უნდა შეიზღუდოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილება. დებატები გუშინ უშედეგოდ დასრულდა – უმრავლესობა და უმცირესობა ვერ შეთანხმდა.

 

უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საპარლამენტი უმცირესობა არ არის მზად, რომ პოლიტიკურ შეთანხმებაზე წავიდეს უმრავლესობასთან და ამის გამო ხვალ პრეზიდენტის ყოველწიური ანგარიშით წარდგენა პარლამენტის წინაშე არ მოხდება.

 

“საქართველოს პრეზიდენტს მიეცემა საუალება პარლამენტში გამოსვლის, თავისი კონსტუტიციური უფლებით სარგებლობის, მაგრამ ეს მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას ამ კონკრეტულ საკითხზე, ან როდესაც სრულიად ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული იმ კონკრეტულ საკითხზე პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნებაზე, რაც პარლამენტს ეკუთვნის”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე:
 
 
“მე მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ხვალინდელი სხდომისთვის არსებობდა სრული მზაობა პრეზიდენტის მხრიდან, რომ მობრძანებულიყო. არსებობს მზაობა უმცირესობის მხრიდან იმისთვის, რომ ეს სხდომა ჩატარდეს. თქვენ პირდაპირ ბრძანეთ, რომ ეს უმრავლესობის გადაწყვეტილებაა.

 
კიდევ ერთხელ, სრულიად ცხადი რომ იყოს, მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი მხრიდან, ისევე როგორც პრეზიდენტის მხრიდან, ხვალინდელთან, მოსვლასთან და გამოსვლასთან და დებატებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის, სრული მზადყოფნაა, თუმცა, თუ უმრავლესობის პოზიცია არის ის, რაც თქვენ ბრძანეთ, ვიღებთ როგორც ფაქტს, რომ ხვალინდელი სხდომა არ ჩატარდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი