ახალი ამბები

ირმა ნადირაშვილის თქმით, მის დას პროკურატურა ემუქრება

6 თებერვალი, 2013 • • 1028
ირმა ნადირაშვილის თქმით, მის დას პროკურატურა ემუქრება

ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი

“ჩემი საუბარი ნეპოტიზმზე პარლამენტში გამოსვლისას ძალიან მოხვდა გულზე უმრავლესობას. მათ ახსენეს ჩემი ერთი და, რომელიც ქვემო ქართლში, სოციალურ სამსახურში მუშაობს და მას ყოველდღე პროკურატურაში დაკითხვაზე იბარებენ და ემუქრებიან. უმრავლესობას გამორჩა, მე კიდევ ერთი და მყავს, ვეტერინარულ დეპარტამენტში მუშაობდა. ის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ მას აუხსნა, რომ ჩემი გამოსვლა არ მოსწონთ პარლამენტის სხდომებზე.”

 

ნადირაშვილის თქმით, აუცილებლად გააგრძელებს აღნიშნულ საქმიანობას და მომდევნო სასეიო სხდომაზე ნეპოტიზმის გამოვლინების ახალი სიით მოვა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის სხდომაზე მთავრობის საკადრო პოლიტიკაში ნეპოტიზმის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრ ღარიბაშვილის სიმამრის – თამაზ თამაზაშვილის გარეშე დამლაგებლის დასაქმებაც კი შეუძლებელია. ნადირაშვილის თქმით, ღარიბაშვილმა გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად დანიშნა თამაზაშვილის დისშვილი.

 

უმცირესობის წევრმა ასევე განაცხადა, რომ ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის დამ დაიჭირა აფხაზეთის მთავრობაში მინისტრის მოადგილის პოსტი, ეკა ბესელიას მეუღლე დასაქმდა მთავარ პროკურატურაში, ვიქტორ დოლიძის ძმა არის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის – მაია ფანჯიკიძის შვილი ენერგეტიკის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ნადირაშვილმა ასევე წაიკითხა ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის ახლობლებისა და ნათესავების მიერ აჭარაში დაკავებული თანამდებობების ჩამონათვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი