ნეტგაზეთი | ლევან ბერძენიშვილი: ჩოხა არასოდეს ჩამიცვამს, არც ვაპირებ ლევან ბერძენიშვილი: ჩოხა არასოდეს ჩამიცვამს, არც ვაპირებ – Netgazeti

ლევან ბერძენიშვილი: ჩოხა არასოდეს ჩამიცვამს, არც ვაპირებ

“უბრალოდ კარგად ვერ წარმომიდგენია ქალები ჩიხთი-კოპით თუ მოვლენ, როგორ იქნება აღქმული პარლამენტის უმრავლესობის მიერ”, – ამბობს დეპუტატი ლევან ბერძნიშვილი კონსერვატორების ახალი ინიციატივის კომენტირებისას. 

“ჩემი აზრით, ყველას უნდა ჰქონდეს უფლება იაროს, როგორც უნდა, ისე,” – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი რეგლამენტში ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს უფლება ექნებათ პარლამენტის სხდომებს, საპროტოკოლო–საქმიანი სამოსის გარდა, ეროვნული სამოსითაც დაესწრონ.

 

“მე კონსერვატორებისგან განსხვავებით ლიბერალი ვარ და ამიტომ არავის არ ვუშლი არანაირ სიარულს, ამიტომ თუ ვინმე მოვა მოკლე კაბით ან ჯინსებით, ჩემთვის არ არის პრობლემა”.

 

მისივე თქით, თვითონ არ აპირებს ჩოხის ტარებას:

 

“უბრალოდ კარგად ვერ წარმომიდგენია ქალები ჩიხთი-კოპით თუ მოვლენ, როგორ იქნება აღქმული პარლამენტის უმრავლესობის მიერ.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის კაკო ბობოხიძის თქმით, მას ნაკლებად აქვს წარმოდგენილი ეროვნული ტანსაცმლით პარლამენტის სხდომებზე სიარული:

 

“განსაკუთრებული დღეები, სადღესასწაული დღეები, როცა არის დაკავშირებული საერთო ეროვნულ ზეიმთან, მაშინ ალბათ დასაშვები უნდა იყოს, რაც შეეხება სხვა დღეებში, მართალი გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული პოზიცია არ გამაჩნია, თუმცა უფრო ნაკლებად მაქვს წარმოდგენილი ეროვნული ტანსაცმლით პარლამენტის სხდომებზე სიარული.”

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინიციატივის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება–კონსერატორების” წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ 6 თებერვალს ისაუბრა ბიუროს სხდომაზე.  ამჟამად მოქმედი რეგლამენტით პარლამენტარებს სხდომათა დარბაზში ყოფნა შეუძლიათ მხოლოდ საპროტოკოლო–საქმიანი ჩაცმულობით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გივი ავალიანი