ახალი ამბები

მერაბიშვილი: ივანიშვილი არნახულ რეპრესიებს ახორციელებს საქართველოში

5 თებერვალი, 2013 • 1011
მერაბიშვილი: ივანიშვილი არნახულ რეპრესიებს ახორციელებს საქართველოში

“ივანიშვილი საუბრობს სამართლიანობაზე და იმ ფონზე, როდესაც მან ციხიდან გამოუშვა ჩახალიანი, ტერორისტები, მეამბოხეები, კრიმინალები. ამის პარალელურად, იგი ახორციელებს არნახულ რეპრესიებს საქართველოში. საქართველოში მსგავსი რეპსრესიები, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილი, ჯერ არ განხორციელებულა”, – აცხადებს მერაბიშვილი.

 

მისი თქმით, მთავრობის ცვლილებების შემდეგ თბილისის მერიის 885 თანამშრომელი იქნა დაკითხული, ასევე, დაკითხულია 1425 ადგილობრივი მმართველობის თანამშრომელი, 4450 სოციალური აგენტი და 1200-ზე მეტი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი.

 

მერაბიშვილის თქმით, დღეს პრემიერი ივანიშვილი აპირებდა მთავრობის 100- დღიანი საქმიანობის შესახებ საუბარს:

 

“თუმცა მთელი თავისი სამსაათიანი გამოსვლის 90% მან “ნაციონალურ მოძრაობას” დაუთმო. ამიტომ მის მაგივრად შევეცდები მე მოკლედ შევაფასო მისი 100-დღიანი მმართველობა:

 

ეს არის კრიმინალის მკვეთრი ზრდა; ეს არის ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი დაპირებები. ივანიშვილი საუბრობს გაიაფებებზე და ერთადერთი რამე, რაც საქართველოში გაიაფდა და ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის ნარკოტიკები და ეს ეტყობა კიდეც ჩვენს ქუჩებს, ჩვენს სადარბაზოებს, ჩვენს ქალაქებს და ჩვენს სოფლებს”, – აცხადებს მერაბიშვილი.

 

ყოფილი პრემიერის თქმით, ივანიშვილი გაბრაზებულია იმის გამო, რომ პარლამენტში ვერ შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვება:

 

“ის არის გაბრაზებული და ამიტომ ის პირადად ემუქრება პარლამენტის წევრებს, მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. მე მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, თქვენი მუქარა ჩვენ ხელს ვერ აგვაღებინებს იმ გზისგან, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ”.

 

მერაბიშვილი ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვანო მერაბიშვილს, ისე როგორც მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიგი უგულავას, გამოძიების შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევთ და ამის გამო არიან პანიკაში:

 

“რაც შეეხება ჩემს დაკითხვას, კი, ბატონო, მე მინდა შევთავაზო, არაერთგზის შემითავაზებია და ახლაც შევთავაზო ბიძინა ივანიშვილს, თავი დაანებოს ყოფილი პოლიციელების დაკითხვას პოლიციის შენობების აშენებაზე, თავი დაანებოს რიგითი სოც. აგენტების დაკითხვას. მე ვარ პასუხისმგებელი და ჩემი პროგრამა იყო დასაქმების პროგრამა და ამ ფარგლებში ჩვენ დავიქირავეთ და ხელშეკრულება გავაფორმეთ ძალიან ბევრ სოც. აგენტთან.

 

მე ვაშენებდი მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიციის შენობებს და მათ შორის ახალქალაქში და სამცხე-ჯავახეთში და მე ვარ ყველაზე კომპეტენტური ამ საკითხებთან დაკავშირებით, მე მზად ვარ პასუხი გავცე ყველა ამ შეკითხვას,”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი