ახალი ამბები

დეკანოზის საქმე: მოსამართლემ ციანიდის ამოღების მტკიცებულება დასაშვებად ცნო

5 მაისი, 2017 • 3463
დეკანოზის საქმე: მოსამართლემ ციანიდის ამოღების მტკიცებულება დასაშვებად ცნო

მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების დროს ამოღებული მტკიცებულება დასაშვებად ცნო, ეს ინფორმაცია დახურული სასამართლო სხდომიდან პროკურორმა და დაცვის მხარის ადვოკატებმა გამოიტანეს.

“გახსოვთ ადვოკატთა მანიპულაციები ციანიდის ეგრეთ წოდებულ ჩადებასთან დაკავშირებით. ასაბუთებდნენ, რომ თითქოს ეს მოქმედება უკანონო იყო. კიდევ ერთხელ დააყენეს ეს შუამდგომლობა. მოსამართლემ დეტალურად მოისმინა ორივე მხარისგან არგუმენტები, დეტალურად გაეცნო და შეაფასა შუამდგომლობები და დღევანდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ ციანიდის ამოღება და დათვალიერება არის აბსოლუტურად კანონიერი საგამოძიებო მოქმედება. მოსამართლემ დასაშვებად ცნო მტკიცებულება და დადასტურდა, რომ არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მთავარი მტკიცებულებები, რაც გვაქვს წარდგენილი, დაშვებული იქნა”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დეკანოზ მამაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც დაადასტურა, რომ მოსამართლემ დასაშვებად ცნო ეს მტკიცებულება. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ 10 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

“შუამდგომლობები ძირითადი მტკიცებულებების დაშვებას შეეხებოდა. ეს იყო დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. შესაბამისად, მოსამართლემ გააკეთა შემდეგი განმარტება, რომ თურმე პროკურატურა თუ აწარმოებს დაკავებას, უფლება აქვს. მაინცდამაინც პირი მიიყვანოს პროკურატურაში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მითითებული არის, რომ ყველა სამართალდამცავი ორგანო, რომელიც პირს დააკავებს, ვალდებულია მიიყვანოს სამართალდამცავ ორგანოებში”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

წინასსასამართლო სხდომა გრძელდება. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს მათ ერთი შუამდგომლობა კიდევ დარჩათ დასაყენებელი. ეს შეეხება საქმის შეწყვეტას.

მასალების გადაბეჭდვის წესი