ახალი ამბები

დეკანოზის ადვოკატი: ეჭვს ბადებს, რატომ არ უნდა იყოს საზოგადოება ინფორმირებული

5 მაისი, 2017 • 2201
დეკანოზის ადვოკატი: ეჭვს ბადებს, რატომ არ უნდა იყოს საზოგადოება ინფორმირებული

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ დიდ ეჭვს ბადებს, რატომ არ უნდა იყოს საზოგადოება ინფორმირებული, რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ეს გამოძიების პოზიციაა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა განმარტა, რომ შუამდგომლობები კონკრეტული მტკიცებულებების დაუშვებლობაზე დაყენებულია და ეტაპობრივად განიხილება.

“ყველაფერი არის პირადი ინფორმაცია, რადგან პირად შემხებლობაზეა საუბარი. ყველას  ჩვენი პირადი გაგვაჩნია, რომ ვსაუბრობთ, რომ დავდივართ. იცით, საქმე რა არის? როცა თვითონ აკეთებენ აპელირებას, რომ ეს არის საჯარო ინტერესი, ჩემთვის გაუგებარია, რა არის საფუძველი, რომ დაიხუროს. ჩვენ არ გაგვისაჯაროებია ფრაგმენტები იმ ვიდეოჩანაწერების, ეს გააკეთა პროკურატურამ. არ დაგვავიწყდეს 8 მარტი, როდესაც 9 მარტს იყო წმინდა სინოდის წევრთა სხდომა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილის თქმით, იყო სატელეფონო საუბარი ბრალდების მოწმესთან, თუმცა საკითხავია, იყო თუ არა მუქარა რელიგიური შინაარსის. რამიშვილმა არ იცის, ვინაა ეს პიროვნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სრულად დახურა წინასასამართლო სხდომა, სადაც ე.წ. ციანიდის საქმე განიხილება.

მოსამართლის თქმით, სხდომის საჯაროდ წარმართვისას, შესაძლოა, პერსონალური მონაცემები, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გამჟღავნდეს. ამას გარდა, მტკიცებებულებები მოიცავს ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც შეიცავს კონკრეტული პირების შესახებ პირად ინფორმაციას.

ამას გარდა, მოსამართლის განცხადებით, მუქარის ზარი იყო ბრალდების მოწმმის მიმართ. ამ საფუძვლებზე მითითებით სხდომა სრულად დაიხურა.

დღეს, 5 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბადრი შონიამ დაიწყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა. მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

პორკურატურას ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების შესაძლო მკვლელობას მომზადებას პირთა ჯგუფის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი