ახალი ამბები

არჩილ კბილაშვილი: გიგი უგულავას დაკითხავენ

1 თებერვალი, 2013 • • 1018
არჩილ კბილაშვილი: გიგი უგულავას დაკითხავენ

“გამოძიებას აღნიშნულ საქმეზე უგულავასთან ექნება კითხვები, რადგან მან პირადად მიიღო გადაწყვეტილება “ნაცმოძრაობის” 764 აქტივისტის დასაქმებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურის შექმნის გამო. ის იმსახურებს, რომ გამოძიების მიერ იყოს დაკითხული. კონკრეტული პროკურორი და გამომძიებელი, რომელიც ამ ფაქტს იძიებს, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს მომავალში ამ საქმეზე მერი იქნეს დაკითხული”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მისი თქმით, ამ საქმეზე 200-ზე მეტი პირი დაიკითხა, რომლებიც პირდაპირ და გულწრფელად ამბობდნენ, რომ სამსახურთან შეხება არ ჰქონიათ და ასრულებდნენ პარტიულ დავალებებს:

 

“ამ ადამიანების პარტიული დასაქმებისთვის დაიხარჯა 5,245 მლნ ლარი, რაც მნიშვნელოვანი მონაცემია. გაიფლანგა ბიუჯეტის თანხები და შესაძლოა კიდევ ჰქონდეს ადგილი სხვა თანამდებობრივი ტიპის დანაშაულს. ეს არის ამ გახმაურებულ საქმეში მთავარი ღერძი”. 

 

“არის კიდევ ერთი საინტერესო თანხვედრა, ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მტკივნეული გახდა იმ ინფორმაციის მიღება, რომ ელექტროენერგიის გადასახადს დასუფთავების გადასახადი მიებას, სათავე საკრებულოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებამ დაუდო, რომელიც  ივლისიდან ამოქმედდა. საყურადღებოა, რომ შპს “თბილსერვის ჯგუფი” თვითდაფინანსებაზე  ივლისიდან გადავიდა. ერთდროულად ხდება დასუფთავების გადასახადის მიბმა და ამ სერვის ჯგუფის თვითდაფინანსებაზე გადასვლა. ანუ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ გაზრდილ გადასახადს დასუფთავებისთვის, ეს გადასახადი მნიშვნელოვანწილად ხმარდებოდა ერთი პოლიტიკური პარტიის, “ნაცმოძრაობის” აქტივისტებს, რათა მათ პოლიტიკური საქმიანობა ეწარმოებინათ”, – განაცხადა კბილაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი