ახალი ამბები

ხარვეზები საჯარო დაწესებულებებში ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესში – საიას კვლევა

3 მაისი, 2017 • 2016
ხარვეზები საჯარო დაწესებულებებში ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესში – საიას კვლევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საჯარო დაწესებულებებში ოპტიმიზაციის პროცესი შეაჯამა და ხარვეზები გამოკვეთა. ორგანიზაციამ 12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, სამინისტროების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა 55 მილიონ 344 ათას ლარს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა შრომის ანაზღაურების ნაწილში შეამცირეს, რაც ძირითადად პრემიებისა და დანამატების ფონდის შემცირებაში ან გაუქმებაში გამოიხატა და 39 მილიონი ლარი შეადგინა.

“სამწუხაროდ,  ჩვენ მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა,  რომ საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობდა მთელი რიგი ხარვეზებით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი გნახილული არ ყოფილა მთავრობის სხდომაზე. ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სერიოზული საპარლამენტო კონტროლი, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ერთ კომიტიტში ჩატარებულ მოსმენას, არ განხორციელებულა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ  ახლა მაინც დაიბაროს საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი უწყებები და ჩაიბაროს ანგარიში – როგორ განხორციელდა ეს პროცესი საჯარო უწყებებში,” – ამბობს საიას თავმჯდომარე.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, რამდენიმე სამინისტრომ ორგანიზაციას საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა. მათ შორის იყო შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების, გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები. იმ სამინისტროებში კი, ვინც ინფორმაცია გასცა, ერთმანეთის იდენტური პრობლემები გამოიკვეთა:

“იმათგან, ვინც გასცა, იკვეთება თითქმის  ერთი და იმავე ტიპის პრობლემები, კერძოდ, სამინისტროებს არ ჰქონდათ ერთიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო რეორგანიზაციის პროცესი, რა უნდა  ყოფილიყო ხარჯების ოპტიმიზაციის დროს პრიორიტეტი – უნდა განხორციელებულიყო ეს შტატების შემცირების ხარჯზე, ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის ხარჯზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო. პრაქტიკაში ჩვენ ვნახეთ, რომ განსხვავებული მიდგომები არსებობდა ამასთან დაკავშირებით” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

საიას კვლევის მიხედვით, სამინისტრო, რომლემბაც ოპტიმიზაცია შტატების შემცირების ხარჯზე განახორციელეს, ხუთია. მათ შორისაა თავდაცვის (2250 გათავისუფლებული თანამშრომელი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა(20 გათავისუფლებული თანამშრომელი), რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის (17 გათავისუფლებული თანამშრომელი), კულტურისა და ძეგლთა დაცვის (11 გათავისუფლებული თანამშრომელი) და საგარეო საქმეთა სამინისტრო(2 გათავისუფლებული თანამშრომელი). კვლევის მიხედვით, სულ ამ უწყებებიდან 2300 საჯარო მოხელე გათავისუფლდა. გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებისთვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა 5 მილიონ 322 300 ლარია.

“პრობლემა იყო ის, რომ ამ ადამიანების გათავისუფლების დროს დასაბუთების ხარისხი მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებდა. იყო შაბლონური ბრძანებები, სადაც საფუძვლად მითითებული იყო რეორგანიზაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გადაწყვიტო, შენი უწყების რეორგანიზაციის  დროს რომელი თანამშრომელი დატოვებს და რომელი არ დატოვებს თანამდებობას. ამისთვის მინიმუმ შიდა აუდიტი არის საჭირო, უწყების საჭიროებების გამოვლენა და არა პერსონებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება,” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ორგანიზაციას ინფორმაცია 5-მა თვითმმართველმა ქალაქმაც მიაწოდა (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ფოთი). მათ ხარჯები 3 630 000 ლარით შეამცირეს, ხოლო აიპების დაფინანსება- 1 220 000 ლარით. ამასთანავე, ააიპებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად  სამსახურიდან სულ 137 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

კიდევ ერთი ხარვეზი, რომელსაც საია გამოყოფს, ის არის, რომ არ ყოფილა კოორდინაცია საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან, რომელიც პირდაპირ უნდა ყოფილიყო ჩართული და  უწყებებისთვის გარკვეული რეკომენდაციები  და რჩევები უნდა მიეცა იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელონ ეს პროცესი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის თქმით, სამინისტროში დიდი რეორგანიზაცია არ ჩატარებულა:

“იყო გარკვეული პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო ძირითადად იმ საჭიროებების გათვალისწინებით, თუ ვინ, რა ამოცანებს ასრულებდა და ეს არ ყოფილა მასშტაბური.”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით კი, სამინისტროდან რეორგანიზაციის ფარგლებში დაკავებული თანამდებობიდან 500-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა:

“დაახლოებით ხუთასმა ადამიანმა დატოვა განათლების სისტემა. ეს იყო ოპტიმოზაცია. ზოგი ფინქცია შემცირდა მთლიანად. შევეცადეთ, რომ დამხმარე ფუნქციები შეგვემცირებინა, როგორიცაა, მაგალითად, იურიდიული და აუდიტის სამსახურები, და ამის ხარჯზე გაგვეძლიერებინა ფრონტალური განათლების ფუნქციები, პროფესიული, ზოგადი და უმაღლესი განათლების დეპარტამენტები” – თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმაც. კახა კალაძის თქმით, საკუთარ სამინისტროში ხარჯების დაზოგვა ადამიანური რესურსის შემცირების გარეშე მოახდინა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით კი, ხარჯები ძირითადად ადმინისტრაციული კუთხით შეამცირეს, თუმცა მოუწიათ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლებაც:

“შემცირება არ გაგვიკეთებია, რეორგანიზაცია გავაკეთეთ. ამ რეორგანიზაციის შედეგად, მოგვიწია დამშვიდობება ადამიანებთან, რა თქმა უნდა. მათ ღირსეული ორი- სამი თვის ხელფასები გადავუხადეთ. ღირსეული სარგო მიიღეს და უმეტესობამ სამსახური სხვაგან გააგრძელა. ოპტიმოზაცია ადმინისტრაციულ ხარჯებში უფრო წავიდა, ვიდრე ხელფასების კითხით” – თქვა ზურა ალავიძემ.

საბიუჯეტო სახსრების შემცირების მიზნით 2016 წლის 9 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საჯარო დაწესებულებებს საბიუჯეტო სახსრების შემცირება დაევალათ, რაც ხარჯების 10%-ით შემცირებასა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციას ითვალისწინებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი