ახალი ამბები

საქართველოს ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სურს

3 მაისი, 2017 • 19188
საქართველოს ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სურს

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის განცხადებით, საქართველოს ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სურს. თუმცა მოლაპარაკება ვერ დაიწყება, ვიდრე არ შემცირდება საქართელოდან ისრაელში არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი.

თუკი შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება გაფორმდება, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისრაელში ლეგალურად იმუშაონ და ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც კანონიერად მუშაობა აძლევს ადამიანს.

ეს განცხადება გიორგი ტაბატაძემ დღეს, 3 მაისს, სამინისტროში  ჟურნალისტებთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ამ ეტაპზე მიმიდნარეობს მუშაობა იმაზე, რომ ისრაელის მხარეს შევთავაზოთ, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც ვისაურებთ შრომთი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაზე. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ამაზე საუბარი, აუცილებელია, ისრაელის მხარემ დაინახოს არალეგალური მიგრაციის მაჩვენებლის კლება, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მოქლაქეებთან. როდესაც კლება იქნება სახეზე, ისრაელის მხარე მზად იქნება, რომ ჩვენ უკვე შევთავაზოთ მოლაპარაკკების დაწყება შრომითი მიგრაციის თაობაზე. ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა, მათ ვაჩვენოთ არალეგალური მიგრაციის მაჩვენებლის კლება იმ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც ამ ხნის განმავლობაში არსებობს,”- განაცხადა მან.

გიორგი ტაბატაძის თქმითვე, 2016 წელს ისრაელში საქართველოს 18 437 მოქალაქე შევიდა, აქედან 14 327 ადამიანი უკან დაბრუნდა, ხოლო შეშვებაზე უარი 3 974 ადამიანს ეთქვა. როგორც ტაბატაძემ ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, უარის ძირითადი მიზეზი არის არალეგალურად დარჩენისა და არალეგალურად მუშაობის მცდელობები. რაც შეეხება კრიმინალურ სტატისტიკას, მისივე თქმით, მინიმალურია და თითქმის ნულის ტოლია საქართველოს მოქალაქეების მიერ ისრაელში დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი და დარღვევები ძირითადად არალეგალურ მიგრაციას უკავშირდება.

ტაბატაძის განცხადებით, 2017 წლის დაზუსტებული სტატისტიკა ჯერ არ მოუწოდებიათ, თუმცა, მათი დაკვირვების საფუძველზე, შემცირებულია ისრაელიდან უკან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა.

გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, რომ ისრაელთან უვიზო მიმოსვლა არ ითვალისწინებს მუშაობას და მუშაობის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა სამუშოა ვიზა უნდა აიღონ.

“ისრაელში გამგზავრების მსურველმა ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ აუცილებლად, რომ ეს რეჟიმი, რომელსაც ისრაელთან უვიზო მიმოსვლა ჰქვია, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით მგზავრობას ისრაელში, როგორიც არის ტურიზმი, როგორიც არის კერძო ვიზიტები, როგორიც არის, ვთქვათ, სამედიცინო მომსახურების მიღება და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ გულისხმობს ისრაელში სამუშაოდ გამგზავრებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ,მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიყენონ ეს რეჟიმი მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რასაც გულისხმობს უვიზო მიმოსვლა –  მოკლევადიან ვიზიტებს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს, ჯამში, 90 დღეს. რაც შეეხება სხვა მიზნებს, აუცილებელია, მოხდეს ისრაელის სახელმწიფოდან შესაბამისი კატეგორიის ვიზის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება საზღვრიდან მათი უკან გამობრუნება, რა ფაქტებსაც ადგილი ჰქონდა გასული თვეების განმავლობაში, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ დანახარჯებს, ასევე მათ ადგებათ მორალური ზიანი,”- განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

მისივე თქმით, 27 თებერვლიდან ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით საქართელოდან ჩასულ მოქალაქეებს ამ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ და მოკლე დროში დააბრუნებენ საქართველოში.

ასევე, მისივე თქმით, ისრაელში, საზღვარზე, საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული მაჩვენებლებითა და პირადი ნომრის მეშვეობით ამოწმებენ, რაც გამორიცხავს ყალბი საბუთების გამოყენებას და განმეორებით შესვლას იმ შემთხვევაში, თუ წინა ვიზიტის დროს მოქალაქეს შესვლაზე უარი ეთქვა.

“ამ ყველაფრის ფონზე ნამდვილად აზრს მოკლებულია სავიზო რეჟიმის სხვა მიზნებით გამოყენება,”- განაცხადა გიორგი ტაბატაძემ. მან საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, უვიზო რეჟიმით მიზნობრივად ისარგებლონ.

რას ითვალისწინებს ისრაელთან უვიზო მიმოსვლა – დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკთხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი