საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო“ და „ნინოწმინდა“, უცხო ქვეყნიდან შემოსული 22 290 ცალი მოჭრილი ვარდებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

უწყების ცნობით, “სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კერძოდ, მცენარეებზე ცოცხალი მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა”.

როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

2026 წლის მაისში საქართველომ სომხეთიდან 218,2 ტონა ყვავილი შეიძინა, რაც ერთ თვეში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელი იყო.

სომხეთისა და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე, როდესაც მოსკოვმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტიც აკრძალა, სომხეთში განაცხადეს, რომ სომხეთიდან ყვავილების ექსპორტისთვის ალტერნატიული ბაზრები გამოჩნდა, მათ შორის ევროპის ქვეყნებში.