საზოგადოება

ისრაელში უვიზოდ მოგზაურობის წესები

14 თებერვალი, 2017 • 23174
ისრაელში უვიზოდ მოგზაურობის წესები

ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ ისრაელში უვიზოდ მოგზაურობის წესებს საქართველოს მოქალაქეებისთვის

[red_box]ისრაელთან უვიზო მიმოსვლის წესები[/red_box]

  • უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტებიგანახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები,კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ.;
  • მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაჰყონ ისრაელის ტერიტორიაზე 1-დან 90 დღემდე ვადით 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ისრაელში ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ისრაელის ტერიტორიაზე მომდევნო შესვლა შესაძლებელია ბოლო შესვლიდან 90 დღიანი (3 თვიანი) პერიოდის გასვლის შემდეგ. ისრაელში უვიზო შესვლა არ იძლევა ისრაელში მუშაობის ან დასაქმების უფლებას!
  • ისრაელში ლეგალურად ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურადდა ასეთი პირი დაექვემდებარება დეპორტაციას (საქართველოში იძულებით დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ მოქალაქეს შეეზღუდება ისრაელის ტერიტორიაზე შემდგომი შესვლა.
  • ისრაელში სხვადასხვა მიზნით (მათ შორის მუშაობის უფლებისათვის)გრძელვადიანი ვიზიტის შემთხვევაში, აუცილებელია  ისრაელის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა.

[blue_box]რა პროცედურების გავლა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს ბენ გურიონის სახელობის აეროპორტში?[/blue_box]

ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი აეროპორტია, რომელიც ემსახურება ისრაელის ტერიტორიაზე შემოსულ მგზავრთა თითქმის 90%-ს. შესაბამისად ქვეყნის ყველა სახელმწიფო სამსახური – საზღვრის დაცვა, საბაჟო, უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც ბენ გურიონის აეროპორტშია განთავსებული, ზედმიწევნით სიფრთხილითა და ყურადღებით ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ისრაელის სასაზღვრო პუნქტთან სასაზღვრო კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა შესაძლოა მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

  • მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები (მოწვევა ან იმ პირის ბინადრობის ნებართვის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით, სასტუმროს ჯავშანი ან იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ იცხოვრებთ თქვენს მეგობართან ან ახლობელთან, იმ სამედიცინო დაწესებულების დასტური, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას, სამოგზაურო ან სამედიცინო დაზღვევა და სხვ.);
  • მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკები ან მოქმედი საბანკო ბარათები და ა.შ.);
  • უკან დაბრუნების გარანტია: სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით (ავიაბილეთი, ქვეყნის შიგნით ავტობუსის ან მგზავრობის სხვა საშუალების ბილეთი და ა.შ.)

საზღვრის გადაკვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. საზღვრის დაცვის სამსახური მოქალაქეთა ვიზიტის მიზნის დადგენის მიზნით ახორციელებს დამატებით გასაუბრებას მგზავრებთან. საზღვრის გადაკვეთის პროცედურა გასაუბრების ჩათვლით შესაძლოა 3-4 საათი გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია იმ მომენტისათვის არსებულ მგზავრთა ნაკადზე და საიმიგრაციო სამსახურის ადამიანურ რესურსებზე.

 

[yellow_box]რა ელის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უარი უთხრეს ისრაელში შემოსვლაზე[/yellow_box]

ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურს უფლება აქვს, ისრაელში შესვლაზე ან დარჩენაზე უარი უთხრას ნებისმიერ პირს, რომელსაც ის მიიჩნევს არასასურველად მისი მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.  

იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური უარს ეუბნება ისრაელში შემოსვლაზე, ფორმდება შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია უარის თქმის მიზეზები და შემოსვლაზე დაწესებული აკრძალვის ხანგრძლივობა, რომელიც გადაეცემა მოქალაქეს.

შემოსვლაზე უარის თქმის შემდეგ, მოქალაქე გადაჰყავთ აეროპორტში მდებარე სპეციალურ მოსაცდელ ოთახში, სადაც მას შეუძლია მოისვენოს, მიიღოს საკვები და წყალი. ასევე დაუკავშირდეს ოჯახს და აცნობოს თავისი მდგომარეობის შესახებ. აქვე 24 საათის მანძილზე მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს მგზავრებს.

ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური იმ მოქალაქეების, ვისაც უარი უთხრეს შემოსვლაზე, საქართველოში უკან დაბრუნებას  უზრუნველყოფს იმავე რეისით (იმავე ავიაკომპანიითა და მარშრუტით), რომლითაც ისინი ჩამოფრინდნენ ისრაელში. მაგალითად, თუ საქართველოს მოქალაქე ისრაელში ჩავიდა ავიაკომპანია „აირზენა“-ს თბილისი-თელ ავივის რეისით, მას აუცილებლად იგივე კომპანიის მეშვეობით დააბრუნებენ უკან. ხოლო თუ მგზავრი ჩაფრინდა ისრაელში ავიაკომპანია „Pegasus“-ის რეისით თბილისი-სტამბული-თელ ავივი, მას იგივე რეისითა და ავიაკომპანიით ანუ თელ ავივი-სტამბული-თბილისი, დააბრუნებენ საქართველოში. იგივე პრინციპი მოქმედებს ნებისმიერ სხვა კომპანიაზე.

თუ მოქალაქეებთან გასაუბრების ან ხანგრძლივი საიმიგრაციო პროცედურების გამო ვერ ესწრება მოქალაქეთა იგივე რეისით უკან დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები განთავსებულ იქნებიან აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ მოსახლეობისა და საიმიგრაციო სამსახურის დროებითი განთავსების დაწესებულებაში, სადაც მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკვები, წყალი და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება.

დროებითი განთავსების დაწესებულებიდან მოქალაქეებს აქვთ უფლება ტელეფონით დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს. ამისათვის მათ თხოვნით უნდა მიმართონ დროებით განთავსების იზოლატორის ადმინისტრაციას.

გასათვალისწინებელია, რომ ტურისტულ სეზონზე, როდესაც მგზავრთა ნაკადი ისრაელიდან საქართველოში დიდია და რიგ შემთხვევებში ტურისტულ ოპერატორებს წინასწარ აქვთ შესყიდული და დაჯავშნული რეისები, უმეტეს შემთხვევაში რთულდება მოქალაქის საქართველოში დაბრუნება თუნდაც მომდევნო რეისით, შესაბამისად, მათ რამდენიმე დღის გატარება უწევთ მოსახლეობისა და საიმიგრაციო სამსახურის დროებითი განთავსების დაწესებულებაში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელში საქართველოს საელჩო არ არის უფლებამოსილი ჩაირიოს ისრაელის საიმიგრაციო პროცედურების განხორციელებაში, შესაბამისად საელჩოს საკონსულო სამსხური ვერ დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში შესვლაში.

დამატებითი ინფორმაცია ისრაელთან არსებული უვიზო მიმოსვლის წესების თაობაზე განთავსებულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე.

ინფორმაცია იმ უფლებების შესახებ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ „ისრაელში შემოსვლის კანონის“ საფუძველზე დაკავებისას – ისრაელში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში – განთავსებულია საელჩოს ვებ-გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი