ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე დაიწყო

31 იანვარი, 2013 • 1010
შსს-მ გამოძიება ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე დაიწყო

გიორგობიანის ცნობით, რომელსაც “ტაბულა” ავრცელებს, თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მიმდინარეობს.

 

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი და მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილი ცემასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.

 

ლუკა კურტანიძე, გარდა იმისა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, ასევე არის შსს-ს პოლიციის აკადემიის პრორექტორი.

 

ლუკა კურტანიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხში.

 

არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ დღეს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის #8 საარჩევნო უბანში ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემა გიორგი მუმლაძე და გიორგი ლომიძე.

 

“ელდარ კურტანიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად რამდენჯერმე იყო შემჩნეული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.  რის შემდეგაც გამოძახებული იქნა პოლიცია. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით”, – აღნიშნული იყო პოლიციის მიერ გასული წლის 1 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

 

თუმცა ამ ფაქტის გამო კურტანიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი