ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალის თქმით, მის სახლში შეჭრას ცდილობდნენ, მეზობლები კი თავდამსხმელებს იცავენ

2 მაისი, 2017 • 9535
ტრანსგენდერი ქალის თქმით, მის სახლში შეჭრას ცდილობდნენ, მეზობლები კი თავდამსხმელებს იცავენ

დღეს, 1 მაისს, 2 ტრანსგენდერი ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ საცხოვრებელ ბინას ქუჩიდან ქვები დაუშინეს და კარის შემტვრევას ცდილობდნენ, ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ტრანსგენდერი ქალი.

მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საცხოვრებელ ბინას, სადაც ხუთნი ცხოვრობენ, ტრანსფობიურ ნიადაგზე ქუჩიდან დაუშინეს ქვები, ხოლო როდესაც აივანზე გავიდნენ, გინება დაუწყეს. თავდამსხმელები დაახლოებით ხუთნი იყვნენ, შემდეგ ისინი ცდილობდნენ, სახლში შესულიყვნენ.

როგორც ტრანსგენდერმა ქალმა განგვიცხადა, მათ პოლიციას გამოუძახეს, ადგილზე მისულია 6 ეკიპაჟი, თუმცა მეზობლები გარეთ გამოვიდნენ და პოლიციას არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ თავდამსხმელები. როგორც მან განგვიცხადა, იქ დაახლოებით 300 ადამიანია შეკრებილი.

რესპონდენტმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პოლიციამ ორი ტრანსგენდერი ქალი, მისი მეგობრები დააკავა. თუ რა მოტივით, არ განუმარტავთ. იგი ამბობს, რომ პოლიცია მათ ვერ იცავს და პირიქით, ძალადობს მათზე.

ადგილზე მისულია “თანასწორობის მოძრაობის” იურისტი და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რომელიც საკითხს არკვევს და მათ პოზიციას ინფორმაციის მოწოდებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი