ახალი ამბები

ვიგანდი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები არ შენელებულა

30 იანვარი, 2013 • • 1123
ვიგანდი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები არ შენელებულა

პლენარული სესიის დასრულების შემდეგ საქართველოს მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა და ევროკავშირის მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელმა გუნარ ვიგანდმა მედიისათვის ბრიფინგი გამართეს. 

 

გუნარ ვიგანდის განცხადებით, ბევრი სპეკულაციებია, რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების ტემპი შენელდა:

 

“შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ბევრი ვიმუშავეთ ბრიუსელში და აქაც იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც თბილისში ამ კვირაში ჩამოვიდა. სამუშაო პროცესი სწორი გზით მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ ამ წელს, მომავალ თვეებში მოლაპარაკებები დასრულდება”.

 

“დარჩენილია სულ რამდენიმე საკითხი, რომლისთისაც გვჭირდება დამატებითი კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხებზე უახლოეს მომავალში მივაღწევთ ორივე მხარისთვის მისაღებ შეთანხმებას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მოკლევადიან პრიორიტეტს ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმოადგენს 2013 წლის ნოემბერს ქალაქ ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის დავასრულოთ მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით და ასევე, დავასრულოთ სავიზო ლიბერალიზაციისთვის სამოქმედო გეგმის პირველი საკანონმდებლო ფაზა. აღნიშნულის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები იყო ძალიან წარმატებული და წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენ ამ მიზნის მიღწევის თალსაზრისით,”–განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. მხარეებმა განიხილეს შეთანხმების პრეამბულა, პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა (CFSP), მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება (JES) და ინსტიტუტიური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები. ასევე განიხილევს დარგობრივი თანამშრომლობის  თავების  შეთანხმების კუთხით არსებული მდგომარეობა  და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DCFTA) მოლაპარაკების მიმდინარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი