“დეზინფორმაციაა, რომელიც გავრცელდა რუსული სააგენტოების მიერ და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაცია. ჩვენ ყველანაირად, დიპლომატიური არხების საშუალებით ვარკვევთ, თუ რადენად შეესაბამება ეს განცხადება იმას, რომელიც გავრცელებულ იქნა რუსული სააგენტოების მიერ”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.
რუსეთის და საქართველოს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორის მიხეილ ევდოკიმოვის განცხადება, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნების შედეგად უნდა მოხდეს საქართველოს დსთ-ში დაბრუნება:
“საქართველო არავის არ გაურცხავს დსთ-დან, ეს თავად ამ სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო,” – განაცხადა ევდოკიმოვმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან უკვე დაწყებულია კონტაქტი ამ საკითხზე და მისი აზრით, არც ერთი ქვეყანა არ იქნება საქართველოს დსთ-ში დაბრუნების წინააღმდეგი.
აღნიშნული ინფორმაცია გუშინ სააგენტოებმა “რია ნოვოსტიზე” დაყრდნობით გაავრცელეს, თუმცა თავად ამ საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ასეთი ტიპის ინფორმაცია არ იძებნება.
“არანაირი კონტაქტი, არანაირი დიალოგი საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, არც ერთ ოფიციალურ პირს ამასთან დაკავშირებით კონტაქტი არ ჰქონია რუსულ მხარესთან”, – აცხადებს დავით ზალკალიანი.
საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წლის დეკემბერში გახდა. თანამეგობრობიდან გასვლის გადაწყვეტილება კი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში იქნა მიღებული. თანამეგობრობის დატოვების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში განცხადება 2008 წლის 18 აგვისტოს შეიტანა, ხოლო 2009 წლის 18 აგვისტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის პროცესი ოფიციალურად დასრულდა.